იურიდიული ფირმა BLC-ს მმართველი პარტნიორის ქეთი ქვარცხავას შეფასებით, დღეს, საქართველოში გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაციაა, რაც ინვესტიციებისთვის მიმზიდველ კლიმატს არ ქმნის.
„უცხოელ ინვესტორს ვერ აიძულებ ისეთ ბაზარზე შესვლას, სადაც ადგილობრივი ბიზნესისთვისაც კი გაურკვეველია, რა იქნება და მოხდება ქვეყანაში“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ ამ სიტუაციაში, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12%-ით, 580 მილიონ დოლარამდე, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში FDI-ს 15.5%-ით 763.7 მლნ დოლარამდეა შემცირება, გასაკვირი არაა.
„გაურუკვევლობას უნდა დავუსვათ წერტილი“ - ამბობს BLC-ს მმართველი პარტნიორი და წუხს იმის გამო, რომ საქართველო ევროკავშირისკენ აღარ მიდის.
- სრულიად გაურკვეველია სიტუაცია. ზუსტად არ ვიცით, ოქტომბერში რა იქნება, შემდეგ რა იქნება და ა.შ. ძალიან რთულ და მყიფე სიტუაციაში ვართ. გაურკვევლობა გახდა ახალი ნორმა და ძალიან რთულია ასეთი მდგომარეობა... პაციენტებზე რომ ამბობენ - „სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში არისო“, დაახლოებით, ასე ვართ - სტაბილურად მძიმედ და გვინდა, პოზიტიურ მდგომარეობაში გადავიდეთ. არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქე იყო და გინდოდეს, შენი ქვეყანა მუდმივად არასტაბილურ და გაურკვეველ მდგომარეობაში იყოს. ჩვენ ადრეც გვისაუბრია, რომ ბიზნესისთვის განჭვრეტადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გადაწყვეტილებების მისაღებად; ბაზარზე, სადაც არ არის პროგნოზირებადი გარემო, ძალიან რთულია, ბიზნესმა ახალ ბაზარზე შედგას ფეხი - FDI-ს სტატისტიკა ამაზე ძალიან კარგად მეტყველებს. უცხოელ ინვესტორს ვერ აიძულებ ისეთ ბაზარზე შესვლას, სადაც ადგილობრივი ბიზნესისთვისაც გაურკვეველია, რა იქნება მომავალში... როდესაც ქვეყანაში ხორციელდება რეფორმები და იცი, [ქვეყნის] მიმართულება, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივია საქმიანობა. ახლა გამოდის, რომ როგორც ვატყობ, აღარ მივდივართ ევროკავშირისკენ...
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროკავშირისკენ მიჰყავთ ქვეყანა...
- ვამბობთ, რომ ახლა აქეთ უნდა გვეხვეწონ, თუმცა ამ სიტუაციაში ზუსტად ვიცით, რომ აქეთ არავინ შეგვეხვეწება და შესაბამისად, არ მივდივართ [ევროკავშირისკენ]. ჩვენ გვქონდა გადასადგმელი ნაბიჯები, ჩვენკენ იყო ბურთი, რომელიც პრაქტიკულად ტალახში ჩავაგდეთ და ვხვდებით, რომ ამ მიმართულებით ძვრა არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ასეთი პირი უჩანს. მეორე მხრივ, ვერ ვხედავთ, თუ სტრატეგიული თანამშრომლობა წყდება ერთი მიმართულებით, ახალი თანამშრომლობა უნდა იწყებოდეს სხვა მიმართულებით, რასაც ასევე ვერ ვხედავთ; ყოველ შემთხვევაში, საბოლოო ნიშნები არ ჩანს. განცხადებები არის, მაგრამ ქაოსური ხასიათი აქვს.
- „როდესაც ურმით დავდივართ, არ შეიძლება ვთქვათ, რომ „ფერარიში“ ვსხედვართ, ამიტომ პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაც პრობლემა გვაქვს; დღეს კი, ურემში ვართ და არ ვიმჩნევთ“ - თქვენი 2023 წლის ინტერვიუდანაა ეს ფრაზა. დღეს სად ვზივართ და სად მივდივართ?
- ურემი ვერც კი გადატრიალდა, რომ გზა დავინახოთ... სად ვზივართ ის კი არაა მნიშვნელოვანი, სად მივდივართ ისაა მნიშვნელოვანი და იმედია, ერთ მშვენიერ დღეს დავინახავთ.
- თუ ამ გზით ვიარეთ ისევ და არც ურემი გადაბრუნდა, რა პერსპექტივა აქვს ჩვენ ქვეყანას?
- ვერ ვიტყვი, რომ დავიქცევით; საბოლოო ჯამში, არ დავიქცევით, მაგრამ გაცილებით დასანანი იქნება ის დაკარგული შესაძლებლობები, რომელიც გვაქვს და ვერ ვიყენებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა ის ხომ არაა, რომ ვიარსებოთ?! მინდა, ჩემი ქვეყნის მოქალაქეებმა ღირსეულად იცხოვრონ და არავის შემყურე არ იყვნენ, არც გარეთ, არც შიგნით - ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- დავასრულოთ გაურკვევლობა.




























