მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენმა დელეგაციამ და თეა წულუკიანმა ყველაფერი გააკეთეს PACE-ზე ქვეყნის პოზიციების დასაცავად - კობახიძე

კობახიძე წულუკიანი

"ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ და თეა წულუკიანმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები. მისივე თქმით, მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ. ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა, პირველ რიგში, ქალბატონმა თეა წულუკიანმა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე. მინდა, თითოეულ მათგანს და პირველ რიგში თეა წულუკიანს გადავუხადო ამისათვის მადლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ის ღიაა თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან.

“საპარლამენტო ასამბლეას მაინცდამაინც დიდი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით, ბუნებრივია, ევროსაბჭოს წევრად. მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და კონკრეტულ საკითხებზეც მივაღწიეთ შეთანხმებას მასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოსთან განვაგრძობთ თანამშრომლობას”,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, იმ დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს, ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა სტრასბურგშივე გაასაჯაროვა.

ამას მოჰყვა ირაკლი კობახიძემ განცხადება, რომ "PACE ევროპარლამენტზე მეათეხარისხოვანი ორგანოა, თუმცა ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა“. მოგვიანებით მანვე აღნიშნა, რომ "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, ფუნქციას" და "ასეთ პირობებში, საქართველოსთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა ქვეყანა რჩება ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები