ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, ფუნქციას, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ერევანში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს დელეგაციის მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ასეთ პირობებში, საქართველოსთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა ქვეყანა რჩება ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა.
„დღეისთვის, სამწუხაროდ, PACE, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი. ასეთ პირობებში, ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა რაც შეეხება ევროსაბჭოს, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან. ამას დავპირდით ჩვენ ევროსაბჭოს მდივანს, როდესაც ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში და რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით,“- აღნიშნა "ოცნების" პრემიერმა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ.
„ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ყველასთან, მაგრამ ხედავთ, რომ ყოველთვის მეორე მხარე, კონკრეტული მხარე იღებს ხოლმე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის მიმართული იზოლაციისკენ, დიალოგის აღკვეთისკენ და ა.შ. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომები და სამწუხაროდ, გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც იმოქმედა საბჭოური მიდგომებით, როდესაც 100-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიმართ აბსოლუტურად უსამართლო დათქმების დაწესებას. საბჭოური მიდგომების ადგილი მგონია, რომ არ არის ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატია გაჯანსაღდება ახლო მომავალში. ყოველ შემთხვევაში, არის იმის რესურსი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცვლილებების პირობებში, ევროპული ბიუროკრატიაც გაჯანსაღდეს. ამის დიდი იმედი გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში მას შემდეგ განაცხადა, რაც PACE-მ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.