ფინანსთა მინისტრის შეფასებით, 2023 წლის 8 თვეში ეკონომიკური ზრდა არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ძალიან კარგია.
კერძოდ, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7%-ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 12.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.2%-ით არის გაზრდილი.
"მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დავაზუსტეთ, რომელიც თავიდან 5% იყო და მაშინვე ვთქვით, რომ ეს კონსერვატორული მიდგომა იყო. ჩვენს ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა. ამან ნეგატიურად იმოქმედა უკვე იმ 8 თვის ეკონომიკურ ზრდაზეც, რაც გვაქვს. ამ პირობებში 7%-იანი ზრდა ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგია. ჩვენი მოლოდინით საერთაშორისო ბაზრებზე მდგომარეობა გაუმჯობესდება და აღდგება იმ პროდუქტების ექსპორტი, რომელიც ერთ-ერთი წარმმართველი იყო ეკონომიკური ზრდისთვის. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება ზრდის მიმართულებით და წლის განმავლობაში დაკორექტირდება", - ამბობს ხუციშვილი.