უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, მათ შორის ნავთოგადამმუშავებელ ქარხნებს უკრაინული დრონებით უტევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ZOOM-ში კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.
სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აფასებს მსოფლიო საწვავის კრიზისის ფონზე, უკრაინის მიერ ბოლო პერიოდში რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შორი მანძილის დარტყმების შედეგებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეტევა უფრო ეფექტური იმის წყალობით გახდა, რომ უკრაინას უფრო ეფექტური შორი მოქმედების დრონები გაუჩნდა.
„დრონებისა და დრონ-რაკეტების მასიური გამოყენებისას ტექნიკური სრულყოფა ხდება. ყველას ესმის, რომ პარტნიორებისგან მიღებული რაკეტები არ გამოგვიყენებია, რადგან ჩვენ ვიცით, რამდენი კილომეტრია ლენინგრადის ოლქამდე. ჩვენს ენერგეტიკაზე დარტყმებს ძლიერი დარტყმით ვუპასუხეთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინული თავდასხმის წყალობით რუსეთის პორტ „უსტ-ლუგას“ ნავთობის შესაძლებლობების შემცირება მოხერხდა: „ჩვენ ისინი შევამცირეთ. იყო მოხსენება — რამდენიმე შესაბამისი ოპერატიული მოქმედების შემდეგ ამ ობიექტის სიმძლავრეების მხოლოდ 40% დარჩა. ჩვენ ბევრჯერ შევთავაზეთ და ახლაც ვთავაზობთ — და როდესაც ამა თუ იმ თავდასხმის შემდეგ პარტნიორები დეტალებისთვის მოგვმართავენ, ჩვენ ყოველთვის ცეცხლის შეწყვეტის საკითხს ვაყენებთ. ჩვენი წინადადება დიპლომატიაზე გადასვლაა, რაც ჩემი აზრით ყველასთვის მოგებიანი იქნება. ამიტომ, რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკაზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მას აღარ ვუპასუხებთ“, — ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, Reuters-ის მონაცემებით, ბალტიისპირეთში რუსეთის ნავთობის ექსპორტის საკვანძო პორტმა „უსტ-ლუგამ“ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა უკრაინული დრონების მასიური შეტევის შემდეგ შეაჩერა.
28 მარტს კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლენინგრადის ოლქში, დილის მდგომარეობით, კვლავ გრძელდება ხანძარი „ნოვატეკ-უსტ-ლუგას“ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისა და „ტრანსნეფტ-პორტ პრიმორსკის“ ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ხანძარი კვლავ გრძელდებოდა. 28 მარტის საღამოს საათებში უკრაინის გენშტაბმა ნოვო-იაროსლავლის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა „სლავნეფტ-იანოსზე“ დრონებით შეტევის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შედეგადაც უკრაინული უწყების ინფორმაციით ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.




























