ომის ისტორიაში პირველად: უკრაინის არმიამ რუსული საგუშაგო მხოლოდ უპილოტო პლატფორმების, სახმელეთო სისტემების, დრონებისა და რობოტების დახმარებით დაიკავა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოპერაცია ქვეითი ჯარის ჩართულობისა და დანაკარგების გარეშე განხორციელდა, მოწინააღმდეგე მხარე კი ტყვედ ჩაბარდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მთავარი გარანტიაა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინულმა სახმელეთო რობოტებმა, მათ შორის Ratel, TerMIT და Ardal-ის სისტემებმა, ფრონტის ხაზზე 22,000-ზე მეტი მისია შეასრულეს. ზელენსკის თქმით, ეს ნიშნავს, რომ 22,000-ჯერ ფრონტის ხაზზე ჯარისკაცის ნაცვლად რობოტი გავიდა.
გარდა ამისა, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედების რადიუსი საზღვრიდან უკვე 1,750 კილომეტრს აღწევს. პარალელურად, პრეზიდენტმა პარტნიორებს საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა შესთავაზა. აშშ-ირანის ომის ფონზე, ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას შავ ზღვაში მტრის ფლოტთან ბრძოლის უნიკალური გამოცდილება აქვს და მზად არის, მოკავშირეებს საკუთარი საზღვაო დრონები: Sea Baby და Magura მიაწოდოს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავარი პრიორიტეტი ამჟამად სამხედრო დრონების და რობოტების იმდენად განვითარებაა, რომ რუსეთთან ბრძოლაში ქვეყანას საერთოდ აღარ დასჭირდეს ჯარისკაცების სიცოცხლის გარისკვა.




























