კაფე საკონდიტრო „დონას“ ხელმძღვანელი გასულ წელს აჯამებს და ამბობს, რომ 2025 წელი გამოწვევების მიუხედავად, კომპანიისთვის საინტერესო აღმოჩნდა.
თამილა ბეჟანიძის ინფორმაციით, ბათუმში მოქმედმა საკონდიტრომ 2025 წელი 20%-მდე ზრდით დაასრულეს. გასული წელი, "დონას" ხელმძღვანელმა BM.GE-სთან შეაფასა.
„2025 წელი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევებით სავსე იყო. 2025 წელს ოპერირება ახალი ფილიალით დავიწყეთ, ამასთან შევძელით ხარისხის და ნედლეულის გაძვირების მიუხედავად ფასის დაჭერა.
რაც შეეხება ახალი წლის პერიოდს, ეს დღესასწაული რიტეილ სექტორისთვის ორ სამ დღეში ჩატეული ერთი დიდი დატვირთული სეზონია. წინა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური იყო კორპორაციული შეკვეთები.
შეჯამებისთვის, 2025 წელი 18-20%-იანი ზრდით დავასრულეთ“, - ამბობს თამილა ბეჟანიძე.
საკონდიტრო „დონა“ 20 წელზე მეტია, რაც ბათუმში ოპერირებს და დღემდე კომპანიის ობიექტები მხოლოდ ბათუმშია წარმოდგენილი. „დონა“ ზღვისპირა ქალაქში ჯამში სამ ფილიალს აერთიანებს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებლის მხრიდან ხშირია მოთხოვნა „დონას“ თბილისში გახსნაზე. საკონდიტროს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ 2027 წლისთვის ეს გეგმა რეალობად იქცევა.
„ჩვენს გეგმებში თბილისში ფილიალის გახსნა შედის. ვერ ვიტყვი, რომ ეს 2026 წელს მოხდება, თუმცა გეგმაში კონტურულად ნახაზი უკვე არსებობს. წელს ამაზე მუშაობას სერიოზულად დავიწყებთ და ვფიქრობ, 2027-ში ეს მიზანიც შესრულდება.
2026 წელს ჩვენს პირველ და მთავარ მიზნად ნედლეულის ფასების ზრდის ფონზე, ხარისხის და გასაყიდი ფასის შენარჩენება რჩება“, - აღნიშნავს თამილა ბეჟანიძე.




























