კომპანია E60 Shipping Line-ს ახალი საბორნე გადაზიდვის მარშრუტი ვარნას მიმართულებით დაემატება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, შალვა წაქაძემ BMGTV-ს გადაცემაში "ანალიტიკა" ისაუბრა.
"ჩვენს გემს "აიას" შესაძლებლობა აქვს, რომ სარკინიგზო ვაგონები გადაიზიდოს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით რუმინეთში ფართო ლიანდაგიანი რკინიგზა არ არსებობს, შევდივართ ვარნაში. ეს კიდევ ახალი ხაზი იქნება, ვარნა-ფოთის მიმართულებით. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბულგარელ და ქართველ კოლეგებთან. ხელშეკრულება გაფორმდა", - განაცხადა წაქაძემ.
მან დატვირთულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ზრდაა.
"იყო დრო, როდესაც ცარიელი გემით დავდიოდით, რომ უწყვეტობა შეგვენარჩუნებინა. რა თქმა უნდა, ეს კოლოსალურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დღეს ამის პრობლემა არ გვაქვს. აგვისტოს პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ მაინცდამაინც აქტიური თვე არ არის, ერთი სიხშირით დავდიოდით. ხოლო, უკვე სექტემბრიდან, ორი სიხშირით დავდივართ კონსტანცაზე. შესაბამისად, ასე ვაპირებთ გაგრძელებას. შევინარჩუნებთ ორ სიხშირეს კონსტანცაზე და ასევე, დავამატებთ ალბათ კვირაში ერთ სიხშირეს ვარნაზე.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ვარნაში დიდი კონტეინერებით და ვაგონებით შევიდეთ. ჩვენი მიზანია, რომ ნაყარი ტვირთები შევიტანოთ სარკინიგზოთი. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ენერგომატარებლებს, შუა აზიურს და აზერბაიჯანულს. მაგალითად, თხევადი გაზი, რომელზედაც ძალიან დიდია მოთხოვნა. მის გადასაზიდად ერთი გემი ან მეყოფა ან არა. არ ვიცი, რადგან ვარნაში არის თხევადი გაზის ტერმინალი", - აცხადებს წაქაძე.
ცნობისთვის, საქართველო-რუმინეთს შორის კომპანია E60 Shipping Line-მა საბორნე გადაზიდვები გასული წლის ივნისში დაიწყო.