ფოთის საზღვაო ნავსადგურში მსხვილი საკონტეინერო ხაზი Akkon Lines შემოდის.
თურქული საზღვაო გადამზიდავი შავ ზღვაში ახალ ფიდერულ სერვისს ნოემბრის დასაწყისში ამუშავებს და თურქეთს საქართველოსთან დააკავშირებს. ახალი სერვისი - Poti Shuttle, უზრუნველყოფს დერინჯეს ნავსადგურსა და ფოთს შორის საკონტეინერო გადაზიდვას და შეავსებს Akkon Lines-ის შავი ზღვის არეალში უკვე არსებულ მომსახურებას, რომელსაც დერინჯედან კონსტანცას, ვარნასა და ბურგასის მიმართულებით ახორციელებს.
თავდაპირველად, ხაზზე იმუშავებს 344 TEU ტევადობის საკონტეინერო გემი CHONA. CFTS-ის ინფორმაციით, დერინჯედან პირველი რეისი 4 ნოემბერს არის დაგეგმილი, ხოლო შემდგომში გემები ყოველ ცხრა დღეში ერთხელ იმოძრავებენ.
კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახალი სერვისი გააფართოებს Akkon Lines-ის რეგიონულ ქსელს და თურქეთსა და საქართველოს შორის კონტეინერების გადაზიდვის დამატებით შესაძლებლობას შექმნის.
























