“იფქლი დიღმის” პურზე ინტერესი ისრაელის შემდეგ, ჩინეთის ბაზარზეც გაჩნდა. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა სოფიო ბედიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საუბარია დიაბეტურ პურზე - „დიაპურზე“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე „ფაქტობრივად, საქველმოქმედო მიზნით იწარმოება, ვინაიდან მის წარმოებას არ გააჩნია კომერციული დატვირთვა“.
როგორც „იფქლის“ მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, ამ სახეობის პურის წარმოება პატრიარქის თხოვნის საფუძველზე დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყეს ქვეყანაში დიაბეტით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო. თუმცა, ჩინეთში ამ სახეობის პურის ექსპორტი მისი რეალური თვითღირებულების გათვალისწინებით იგეგმება.
“ჩინეთი ხომ ძირითადად მაინც ბრინჯის მომხმარებელია და არა ხორბლის, მაგრამ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს პროფილაქტიკურ, ჯანსაღ კვებას და ჩვენ ვართ ერთადერთი ქართული კომპანია, რომელსაც აქვს დიაბეტური პური. დელეგაცია იყო ჩამოსული, გავატანეთ ჩვენი ნიმუშები და მივიღეთ დადებითი პასუხი, რომ სურთ თანამშრომლობა. ახლა დამატებით პროცედურები არის გასავლელი, იმიტომ რომ როგორც ისრაელში, ჩინეთსაც აქვს თავისი შიდა სტანდარტები, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვერგოთ”, - განაცხადა სოფიო ბედიაშვილმა.
მისი თქმით, ჩინეთში ექსპორტისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო, ვინაიდან როგორც ის ამბობს, ჩინეთის მხოლოდ ერთი ქალაქი რომ მომარაგდეს, დიდ მასშტაბზე წარმოებაა საჭირო.
“ჯერჯერობით მზადების პროცესში ვართ. იქ ექსპორტზე რომ გავალთ, როგორც გადის მაგალითად, ისრაელის მიმართულებით, მინიმუმ ალბათ 100-ჯერ მეტი მოცულობა უნდა ვაწარმოოთ, რათა ჩინეთში მოთხოვნის მცირე პროცენტი მაინც დავაკმაყოფილოთ”, - აღნიშნა “იფქლის” მარკეტინგის მენეჯერმა და დასძინა, რომ დიდი შეკვეთის შემთხვევაში, კომპანიას საწარმოო გადაიარაღება დასჭირდება.
"შესაძლებელია, რომ დაგვჭირდეს დამატებით დანადგარები, მაგრამ ყველაზე პრობლემური, რაც არის ხოლმე, ესაა მუშა ხელი. რეალურად, დღეს საქართველოში მუშა ხელი ძალიან ჭირს, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ქვეყნიდან კადრის გადინებაა. ეს ერთ-ერთი ძალიან მწვავე ფაქტორია ჩვენთვის, როგორც კადრების მოზიდვის კუთხით, ასევე დასაქმებულებისთვის უკეთესი პირობების შექმნისთვის. ზოგადად, პერსონალის ანაზღაურება პროდუქტის თვითღირებულებაში შემავალი კომპონენტია. ასე რომ, იმდენად ბევრი დეტალია, რომ აქაც ჯერ კიდევ დასალაგებელი გვაქვს რაღაც საკითხები და ამიტომ წინასწარ არ მაქვს ზუსტი პროგნოზები, რა და როგორ იქნება ამ [ჩინეთში ექსპორტის] მიმართულებით”, - დასძინა მან.
ცნობისთვის, “იფქლი დიღომი” პურის ექსპორტს ისრაელში ახორციელებს. კომპანიას სამი საწარმო აქვს საქართველოში: დიღმის მასივში, რომელიც ემსახურება მთელ თბილისს, ვაშლიჯვრის საწარმო, საიდანაც ხდება ექსპორტი და ქუთაისის საწარმო, საიდანაც მარაგდება დასავლეთ საქართველო. კომპანია კიდევ ერთ საწარმოს თბილისში, აეროპორტის გზატკეცილთან აშენებს.
“იფქლი დიღომი” ამჟამად 600-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.




























