მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენს ქვეყანას არაფერი გააჩნია ჭკუის და გონების გარდა. ხომ შეგვიძლია, თუ მეტი დაფინანსება გვექნება, უფრო წინ წავიდეთ?! - სტუ-ს რექტორი

დავით გურგენიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის შეფასებით, "ქართული ოცნების" განათლების რეფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტებს საშუალებას მისცემთ, მიიღონ მაღალი შემოსავალი და შესაბამისი ანაზღაურებაც გადაუხადონ თანამშრომლებს - ამის შესახებ სტუ-ს რექტორმა BMG-ის "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

"დამოუკიდებელ საქართველოში აუცილებელი იყო განათლების და უმაღლესი განათლების რეფორმა. უნივერსიტეტები აგვარებდნენ თავიანთ პრობლემებს და მივედით იქამდე, რომ რამდენიმე ათეული წელიწადია უკვე, 2250 ლარად საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ილიას უნივერსიტეტმა და ასევე ჩვენმა საამაყო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს საერთაშორისო რეიტინგებში. მაგრამ ამის იქით ჩვენ ვეღარ შევძელით, რადგან ეს გრანტი ძალიან მცირეა. თქვენ გავიწყდებათ, რომ ყველა ამ უნივერსიტეტში პროფესორებისათვის ანაზღაურება ძალიან მცირეა და მრავალი წელიწადი გაიარეს ძალიან პრობლემურად. როგორ შეიძლება უარი ვთქვათ ჩვენ იმ გრანტზე, რომლითაც სტუდენტები უფასოდ ისწავლიან სახელმწიფო უნივერსიტეტში და მაღალი ანაზღაურება ექნებათ ჩვენს ასისტენტებს, ასისტენტ-პროფესორებს, ასოცირებულ პროფესორებს და პროფესორებს?!

სახელმწიფო, სხვათა შორის პირველად, იღებს ვალდებულებას სახელმწიფო უნივერსიტეტების მართვაზე იმ პრინციპით, რომ ჩვენ, ამ უნივერსიტეტის რექტორებს, კანცლერებს, აღარ გვექნება იმისი დარდი, თუ რა შემოსავალიც გვაქვს, საიდან რა დავხარჯოთ და როგორ გავისტუმროთ ელექტროენერგია, გათბობა... მილიონი პრობლემა აქვს უნივერსიტეტს", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

მისივე თქმით, არასწორია შეფასება "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი", რადგან კერძო უნივერსიტეტებში პროგრამების არჩევანი კვლავ ხელმისაწვდომი რჩება. წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა ვითარებაა ამ მხრივ თბილისის მიღმა და მცირდება თუ არა სტუდენტებისთვის არჩევანი რეგიონებში, სტუ-ს რექტორი აცხადებს, რომ არა.

"თქვენ ახსენეთ "ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი" - მინდა გითხრათ, რომ კერძო უნივერსიტეტებში რჩებათ ის ფაკულტეტები, რომლებიც მათ უნდათ. ასევე თქვენ რამდენიმეჯერ ახსენეთ, რომ ტექნოლოგიურ დარგებთან ერთად აღარ იქნება ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური მიმართულებები, როგორ გეკადრებათ? უნივერსიტეტში რჩება, როგორც საერთაშორისო ურთიერთობები... ჩვენთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორ შეიძლება კათედრა არ იყოს ეკონომიკის, კათედრა არ იყოს პოლიტიკური მეცნიერებების, კათედრა არ იყოს საერთაშორისო ურთიერთობების?!

მე ვარ რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე უკვე მესამე წელია და ეს საკითხები იხილებოდა წელიწადზე მეტია რექტორთა საბჭოზეც, რომელსაც ბატონი მინისტრი ხელმძღვანელობს, და რექტორთა კონფერენციაზეც. ჩვენ ამ საკითხებს, ყველაფერს გავდიოდით. რა თქმა უნდა, ყველა რეფორმა რთულია, მაგრამ ჩვენ თუ ეს არ დავიწყეთ და არ გავითვალისწინეთ, რომ ჩვენ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო გადაუხდის მათ გადასახადს, ეს ხომ დიდი წარმატება იქნება? პროფესორს, რომელსაც 5,000-დან 10,000 ლარამდე ექნება ანაზღაურება, ესეც ხომ წარმატებაა?

[რეგიონებში სტუდენტებისთვის არჩევანი] არ მცირდება. სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებები რეგიონებში არ რჩებაო; როგორ? ბათუმის უნივერსიტეტს თავიდან ბოლომდე დარჩა ყველაფერი, ქუთაისში ორივე უნივერსიტეტს დარჩა ყველაფერი, რაც შეეხება თელავს და სამცხე-ჯავახეთს, მათაც ექნებათ ეს კათედრები. ეს კათედრები იარსებებს როგორც ჩვეულებრივად და სახელმწიფო იძლევა ასეთ შეღავათს. დანარჩენი ჩვენს აკადემიურ თავისუფლებას არავინ არ გვიზღუდავს", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა პრობლემას დავით გურგენიძე "ოცნების" მიერ შემოთავაზებულ რეფორმაში, სტუ-ს რექტორი აცხადებს, რომ უნაკლო არაფერია, თუმცა მისთვის პრობლემურ საკითხებს არ ასახელებს და ამბობს, რომ ყველაფერი მოლაპარაკების საგანია.

"უნაკლო არაფერი არ არის, უნაკლო უფალია მარტო. გითხარით, რომ [რეფორმაზე] 1 წელიწადი ვმუშაობდით, მაგრამ იქ არ იყო გათვალისწინებული უნივერსიტეტების გაერთიანებაზე საუბარი; ეს მე როდესაც გავიგე, მაშინვე ბატონ მინისტრთან ერთად მოვახსენე უკვე ჩვენს საზოგადოებას, ამაზე დაიწყო მსჯელობა და როგორც ნახეთ, ყველა ერთად, არგუმენტირებულად შევჯერდით იმაზე, რაზეც შევჯერდით. ასევე მსჯელობა მიდიოდა სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამ რეფორმაში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება გააკრიტიკო, შეიძლება გზადაგზა ბევრ რამეზე შევთანხმდეთ, ბევრი რამ ჩვენთვის იყოს მიუღებელი და შემდგომში აღმოჩნდეს კარგი, ან ჩვენი წინადადებები, რომელსაც მერე გაითვალისწინებენ ან არ გაითვალისწინებენ. დანარჩენი აკადემიური სივრცე რჩება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რჩება, მას მისაღები კონტინგენტი, რა თქმა უნდა შეუმცირდა, ასევე ჩვენც ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები შეგვიმცირდა, მაგრამ გაძლიერდება საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგები და ტექნიკური დარგები და ჩვენ ამაში სახელმწიფო დაგვეხმარება და არ ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში... 750 დოლარად ამ სამმა უნივერსიტეტმა შეძლო შეუძლებელი. ჩვენს ქვეყანას არაფერი არ გააჩნია გონის, ჭკუის და გონების გარდა. ხომ შეგვიძლია, თუ მეტი დაფინანსება და მეტი საშუალება გვექნება, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ?!", - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

ცნობისთვის, 9 მარტს ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით ცნობილი გახდა, უნივერსიტეტების კვოტები, ანუ ვინ რამდენ სტუდენტს მიიღებს ბაკალავრიატზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები