მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენს საპენსიო დანაზოგებს ინფლაცია „ჭამს“? - გიორგი დანელიას პასუხი ხშირად დასმულ კითხვაზე

6400a1bf8cc8f
თელარა გელანტია
02.03.23 18:00
957
საპენსიო სააგენტო მილიონ 377 ათასი მოქალაქის დანაზოგს ინახავს. ამ დროისთვის, საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა 3 მილიარდ 130 მილიონია ლარია.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას წამყვანმა საპენსიო სააგენტოს დირექტორს, გიორგი დანელიას მოქალაქეების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა გაუმეორა: „ჩვენს საპენსიო დანაზოგებს რამდენად „ჭამს“ ორნიშნა ინფლაცია?“

გიორგი დანელიამ დეტალურად განმარტა, სად არის საპენსიო დანაზოგები დაბანდებული და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საპენსიო დანაზოგების წმინდა ამონაგები 476 მილიონი ლარია.

ამასთან, როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა თქვა, რომ არა კორონავირუსის პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ეკონომიკური შოკი და მაღალი ინფლაცია გამოიწვია, ამონაგები დღეს ბევრად მეტი იქნებოდა.

„ჩვენ რომ გადავხედოთ ბოლო ორ-სამ წელიწადს, ალბათ თეორიულად რა რისკებიც შეიძლებოდა, რომ გაგვეთვალისწინებინა, ყველაფერი ერთად მოხდა. ჯერ იყო კორონავირუსის პანდემია, რომელმაც დიდი ეკონომიკური შოკი გამოიწვია; შემდეგ ამას დაემატა სრულმასშტაბიანი ომი რუსეთ-უკრაინას შორის, რომელმაც კიდევ დამატებით გააღრმავა ეს პრობლემები... შედეგად, ინფლაცია, ბუნებრივია, რომ პრობლემა იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ზოგადად, სხვა ქვეყნებისთვისაც. შესაბამისად, ამან საპენსიო დანაზოგების ამონაგებზე გავლენა იქონია, თუმცა ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად მოვახერხეთ ის, რომ როდესაც, მსოფლიოში საპენსიო ფონდების უმრავლესობას ძალიან დიდი ზარალები ჰქონდათ, ჩვენ მოვახერხეთ და ნომინალური ზრდა შევინარჩუნეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ანუ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან დღემდე რეალური ამონაგები დღეს 3%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ ინფლაციასთან ერთად, ეს იცვლებოდა.

მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც ინფლაცია შემცირებას დაიწყებს, რეალური ამონაგები კვლავ გაიზრდება, რადგან ჩვენ უკვე ისეთ ინსტრუმენტებში გვაქვს დანაზოგები ინვესტირებული, რომელიც მაღალ საპროცენტო განაკვეთებს გულისხმობს. შესაბამისად, ინფლაციის დაწევასთან ერთად, სხვაობა სარგებელსა და ინფლაციას შორის გაიზრდება და რეალური ამონაგებიც გაიზრდება.

ცნობისთვის: 3 130 000 000 ლარის საპენსიო დანაზოგების, დაახლოებით, 60% კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზეა განთავსებული; 16% - სახაზინო ობლიგაციებში; დაახლოებით, 9% - უცხოურ ფასიან ქაღალდებში ანუ აქციებში; 8% - ამერიკულ სახაზინოებში; 5% - მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზეა; 0,8 არის სუვერენულ ობლიგაციებში და 0,1% კი, განთავსებულია კორპორაციულ ობლიგაციებში“.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები