ჩვენს საწარმოში ნებისმიერი ტიპის გემის შექმნა არის შესაძლებელი, - ამის შესახებ აზერბაიჯანში BMG-ის ბიუროს "ბაქოს გემთმშენებელი ქარხნის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფუად მადათოვმა განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად ქარხანა რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ესენია: Ro-Pax ტიპის ბორანი, ორი ტანკერი და ფსკერის დამაღრმავებელი გემი.
“მინდა აღვნიშნო ისიც, რომ სამი 50-კაციანი სამგზავრო გემის, ორი ტანკერისა და ოთხი წყალქვეშა სამუშაო გემის დაგეგმარებას და შესყიდვას ვაგრძელებთ, რომელთაგან ერთი 60-მეტრიანია, სამი კი 45-მეტრიანი.
ქარხნის ინფრასტრუქტურა ერთ კონკრეტულ ტიპს არ არის მორგებული, რის გამოც ნებისმიერი ტიპის გემის აშენება შეგვიძლია. აი, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობაა. ინჟინერია კი, რასაკვირველია, ნებისმიერი სამუშაოს საწყისია”, - განაცხადა "ბაქოს გემთმშენებელი ქარხნის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ამასთან, როგორც ფუად მადათოვმა აღნიშნა, “ბაქოს გემთმშენებელი ქარხანა” აქტიურად მონაწილეობს სარემონტო სამუშაოებშიც. მისივე თქმით, სარემონტო და მოდერნიზაციის მიმართულებით დღემდე ქარხანას 300-ზე მეტი პროექტი აქვს შესრულებული.
ფუად მადათოვმა შუა დერეფნის პერსპექტივაზე და ამ პროცესში ბაქოს გემთმშენებელი ქარხნის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხნის როლი მნიშვნელოვანია სავაჭრო გემების მშენებლობის მიმართულებით, რამაც, მომავალში, შესაძლოა, შეკვეთები გაზარდოს და საჭიროებისამებრ, ქარხანაც გააფართოოს.