უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ საქართველო-უკრაინას შორის არსებული საკითხები ქართველი და უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდება.
ამის შესახებ მან "ტვ იმედის" ეთერში ისაუბრა, სადაც ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის ყოფნა და სრული დატვირთვით მუშაობა ორი ქვეყნის ურთიერთობებს წაადგება, სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ორ სახელმწიფოს შორის არსებული საკითხები აუცილებლად გადაიჭრება.
„საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას. ის მნიშვნელოვანი რეზოლუციების თანაავტორია. ვნახე მიტინგების ტრანსლაცია თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქიდან, რომლებიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩატარდა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას. ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ საკითხებს აუცილებლად გადავწყვეტთ და გამოვალთ მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის ინტერესიდან“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საქართველო-უკრაინას შორის არსებული პრობლემური საკითხები დაასახელა. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ 11 აპრილს განაცხადა, რომ პრობლემურია უკრაინის მიერ ელჩის გახმობა, კონტრაბანდის გატარებაზე ბრალდებები და „საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი“.




























