HSC Group-ის ხელმძღვანელი გიორგი დოლიძე BMG-სთან გასული ზაფხულის სეზონს აჯამებს და აღნიშნავს, რომ მათთან ჩამოსულ ტურისტებს შორის ევროპელების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა.
"ოთხ ძირითად ქვეყანას გამოვყოფდი - ისრაელი, საიდანაც ყველაზე მეტი დამსვენებელი შემოვიდა, ასევე საუდის არაბეთი, ემიგრანტები და რუსეთი, ხოლო მეხუთე-მეექსვე ადგილს იკავებენ ევროპის ქვეყნები, პოლონეთი, გერმანია", - ამბობს გიორგი დოლიძე.
ის აქვე იმ მიზეზებსაც განმარტავს, რაც საქართველოში ევროპელი ტურისტების ნაკადების შემცირებას განაპირობებს.
"პირველ რიგში ეს გამოწვეულია რეგიონში შექმნილი მდგომარეობით, რადგან ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ უსაფრთხოებას, მართალია, საქართველოში საფრთხის შემცველი გარემოებები არ შეინიშნება, თუმცა ისინი თავს მაინც იკავებენ. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი მარკეტინგული აქტივობების სიმცირეა და ვფიქრობ, რომ ამ საკითხში უფრო მეტი რესურსი და ფინანსები უნდა ჩაიდოს, რომ მეტი მაღალ გადამხდელ უნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე მიზეზი კი ის ფაქტია, რომ კოვიდის შემდგომ მოგზაურობას წინასწარ ვეღარ გეგმავენ, სწორედ ამიტომ ტურისტულ კომპანიებსაც ევროპელების ჯგუფური ტურები შეუმცირდათ", - აცხადებს HSC Group-ის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება უშუალოდ მათი სასტუმროს დატვირთულობას, დოლიძის ცნობით, რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა და მაგალითად, ივნისში 85%-იანი დატვირთვა ჰქონდათ, ივლისში 80%-იანი, ხოლო აგვისტოში ეს კოეფიციენტი 70%-მდე შემცირდა, რაც მისი აზრით, იმ ფაქტმა განაპირობა, რომ აგვისტო ერთგვარად ტრანზიტული თვეა, როცა თბილისში ჩამოსული ტურისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ნაწილდებიან.