საქართველოში აკვაკულტურა საკმაოდ მძიმედ ვითარდება, საჭიროა, რომ სახელმწიფომ მკაფიო ნაბიჯები გადადგას - ამის შესახებ "Maricultura Georgia"-ს დამფუძნებელმა, მამუკა მიქაშავიძემ BMG-ის განუცხადა.
ის ჩვენთან საუბრისას იმ გამოწვევებს ეხება, რაც სექტორის წარმომადგენლებს ოპერირებისას მნიშვნელოვან დაბრკოლებებს უქმნით და პირველ რიგში ზღვაში საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხს აღნიშნავს, კერძოდ, მეურნეობებთან მისასვლელი გზების და ზღვაში გემის გასაჩერებელი პორტების არ არსებობას.
"სახელმწიფომ გამოყო ტერიტორიები, სადაც მარიკულტურისა და აკვაკულტურის განვითარება მოხდება, ამ ეტაპზე დოკუმენტური საკითხები გარკვეულია, მიდის ტერიტორიების მოკვლევა, თუმცა, საქართველოში ეს დარგი ძალიან მძიმედ ვითარდება, რადგან არ არსებობს სათანადო ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილები გამოიყო, არ არსებობს სადგომები, პორტები, სადაც გემი გაჩერდება და მეზღვაურები სანაშენე მეურნეობებში მივლენ. თევზს, ცხადია, რომ კვება სჭირდება, ეს მეურნეობები ნაპირიდან დაახლოებით ორ კილომეტრშია განთავსებული, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მისასვლელი ინფრასტრუქტურა მოწყობილი იყოს", - ამბობს "Maricultura Georgia"-ს დამფუძნებელი.
მამუკა მიქაშავიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურას კერძო ინვესტორი ვერ მოაწყობს, რადგან სახელმწიფო ამის ნებართვას არ გასცემს.
მეორე მნიშვნელოვან გამოწვევად კი ზღვის დაუცველობას ასახელებს, კერძოდ, იმ საკითხს, რომ არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ზღვაში მომხდარ ინციდენტებს, იქნება ეს ქურდობა თუ რაიმე სხვა, გააკონტროლებს.
"სანამ ეს საკითხები არ მოგვარდება, ეს სექტორი ვერ განვითარდება, არც ინვესტორები შემოვლენ და არც მეურნეობების რაოდენობა გაიზრდება. ამ დროს კი ზღვის პროდუქტების მოხმარება მსოფლიოში ყოველწლიურად 17%-ით იზრდება, შავი ზღვის პროდუქციაზე მოთხოვნა კი ძალიან დიდია, იმიტომ რომ დაბალი მარილიანობიდან გამომდინარე ის სპეციფიკურ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს პროდუქტს, თუმცა ჩვენ ვერც ადგილობრივ და შესაბამისად, ვერც საექსპორტო ბაზრებს ვერ ვაკმაყოფილებთ", - აცხადებს მამუკა მიქაშავიძე.