მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენთვის [ანდრიუს] კუბილიუსი და რასა [იუკნევიჩიენე] საინტერესო არაა... თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები" - პრემიერი

კობახიძე

ჩვენთვის [ევროკომისარი] ანდრიუს კუბილიუსი და [ევროპარლამენტარი] რასა იუკნევიჩიენე საინტერესო არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ევროკომისიის ახალ შემადგენლობაზე, სადაც თანამდებობებს იკავებენ კუბილიუსი და იუკნევიჩიანე.

მისი შეფასებით, მათი მოქმედებების შედეგად, მათთან თანამშრომლობის რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია. რაც შეეხება ზოგადად ევროკავშირთან თანამშრომლობას, პრემიერი დასძენს, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც მათ გათვლილი ჰქონდათ.

„რაც შეეხება ზოგადად ევროკავშირთან თანამშრომლობას, ყველაფერი მიდის ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი. დასრულდა ერთი არჩევნები საქართველოში, მეორე არჩევნები აშშ-ში. დასრულდა ზუსტად ისე, როგორც წაადგება საქართველო-აშშ-ის და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას. ახლა არის კიდევ ერთი საკითხი, უკრაინაში ომის დასრულება და უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაშიც ომი მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ამ სამი მოვლენის დასრულების შემდეგ, ყველაფერი დადებითი მიმართულებით წავა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც საქართველო -აშშ-ის, ისე საქართველო- ევროკავშირს შორის“,- აცხადებს პრემიერი.

მისივე მტკიცებით, ევროინტეგრაცია საქართველოსთვის პოლიტიკური პრიორიტეტია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ ამოცანის შესასრულებლად. სწორედ ამისთვის, პრემიერის ცნობით, მათ 4 წლის თავზე, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულებული ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები