მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია ბრიტანეთის მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა - ირაკლი კობახიძე

მთავრობა

დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

ის ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული სამეფო იძულებულია, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად, გააუქმოს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ღიაა და მზად არის კონსულტაციებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულება. როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რაც ფაქტებზეა დაფუძნებული, ჩვენ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით ჯანსაღი და მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, თუმცა ვხედავთ, რომ არ ისმის არავითარი ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, ერთადერთი ვისმენთ კვლავ შანტაჟს, მუქარას, ვხედავთ ექსტრემიზმის მხარდაჭერას, არჩევნებში უხეშად ჩარევას, ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ კონსულტაციებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის მხრიდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ,“- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ცალკეულ შემთხვევებში საქმე ეხებოდა პარტიების ირიბ დაფინანსებას.

„მაგალითად რომ ავიღოთ „ტაბულა“, ან „მომავლის აკადემია“, ჩვენ ვიცით, რომ ერთიც და მეორეც არის პარტიული დანამატი. საქართველოში კანონით და კონსტიტუციით არის მოწესრიგებული პარტიების დაფინანსების საკითხი. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოშიც აკრძალულია პოლიტიკური პარტიების გარედან დაფინანსება. როდესაც ასეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, რა თქმა უნდა, ესეც არის თავისთავად ექსტრემიზმის წახალისება. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რით არის დაკავებული, მაგალითად იგივე „ტაბულა“, ე.წ. „მომავლის აკადემია“, რომელიც მანამდე იყო „ფრანკლინის კლუბი“. ისინი ექსტრემიზმით არიან დაკავებული და როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. პირდაპირ ამ ორგანიზაციებს განასახიერებენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც არიან სწორედ ასოცირებული ექსტრემიზმთან ჩვენს ქვეყანაში. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერ ექნება მხარდაჭერა ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და ზოგადად, ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერას. თავის დროზე, როდესაც „ფრანკლინის კლუბი“ დაფუძნდა, შემდეგ გარდაიქმნა მომავლის აკადემიად, ჩვენ ღიად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ორგანიზაციები იყო დაფუძნებული კონკრეტული ძალების მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესები წაეხალისებინათ, შედეგებიც ვიხილეთ. ამის მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან არ იქნება არავითარ შემთხვევაში სწორი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამახალისებელ ნაბიჯებს, რაც ძალიან ცუდია, ელჩებიც არიან ხოლმე ჩართული ამ ყველაფერში. ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და სჭირდება ის, რომ ეს სიძულვილი რამენაირად დასრულდეს. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან, ეს არის ის, რაც ნამდვილად არ სჭირდება ქართულ საზოგადოებას. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები - ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები