მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები - კობახიძე

დისტრიბუტორები

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ფასების კომისიის" დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები და ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ფასების შემცირება, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

კომისიის სხდომას სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პირველადი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც მაღალი მაჩვენებელია. მისი განმარტებით, კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად განისაზღვროს, როგორ მუშაობს ფასის ფორმირების ჯაჭვი და სად არსებობს ფასების შემცირების რესურსი.

„პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს. ჩვენი აზრით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი 20-დან 30%-მდე მერყეობს, რაც სტანდარტულად ითვლება,“ – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული 86%-იდან 44% დისტრიბუციის წილზე მოდის, ხოლო შედარებით მცირეა ქსელური მარკეტების წილი.

„ჯამში ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით ხშირად უფრო მაღალი ფასებია. ზოგიერთ შემთხვევაში ფასები 50%-ით მაღალია, ზოგან კი ორჯერ ან სამჯერაც აღემატება. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ამას ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა არსებობს სოციალური ფაქტორიც, რომელიც ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია არსებული პრობლემებისა და ფასების შემცირების შესაძლო რესურსების შესახებ.

კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, დაახლოებით 15 სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

კობახიძის თქმით, მომავალი კვირიდან ანალოგიური შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები