"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალია და ფასწარმოქმნა საბაზრო პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს, მედიკამენტებისა და სააფთიაქო პროდუქციის შემთხვევაში მთავრობა „სოციალური ინტერესების დაცვას“ პრიორიტეტად მიიჩნევს.
ამის შესახებ კობახიძემ სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
„რაც შეეხება კონკრეტულად სააფთიაქო ქსელებს, აფთიაქებს, ერთი პროცესი უკვე გავიარეთ 2022 წელს, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესდა და ამან ბევრი მიმართულებით შედეგები მოგვცა კონკრეტულ მედიკამენტებზე, მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფებზე ფასები რეალურად შემცირდა. გვინდა, ამაზეც ვიმსჯელოთ, რამდენად არის სივრცე ამ ჩამონათვალის გაფართოებისთვის. ასევე, სააფთიაქო ქსელებში ხდება სხვა პროდუქტების რეალიზაციაც, სადაც ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა. თუ ავიღებთ ევროპულ ფასებს, ხშირ შემთხვევაში არის 35-40 პროცენტი სხვაობა ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ა.შ. ესეც საინტერესოა, რამდენად ეფუძნება ეს მაღალი ფასები მიწოდების ლოგიკურ ჯაჭვს. საქმე ეხება ბიზნესს, ბიზნესი არის თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა ყველა მიმართულებით, მათ შორის აფთიაქების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა.
მიმდინარე კვირაში კი შეხვედრა საწვავის კომპანიებთანაც დაგეგმილია.




























