მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში ფასების კომისია აუცილებლად შეიქმნება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტში ფასების საკითხზე სპეციალური კომისია აუცილებლად შეიქმნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში სურსათის ფასების რეგულირების საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური კომისია საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე შეიქმნება.

"პარლამენტში [ფასების] კომისია აუცილებლად შეიქმნება. ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება. რაც შეეხება კარტელურ გარიგებებს, ამაზე მე კონკრეტულ კომენტარს დღეს არ გავაკეთებ. სხვათა შორის, დღეს გვაქვს შეხვედრა ქართველ მწარმოებლებთან, რომლებიც აწარმოებენ სასურსათო პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში და მათგანაც მოვისმენთ პოზიციებს. ჩვენ, არ გვინდა გავაკეთოთ ნაადრევი დასკვნები. არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ასეთი ტიპის მოკვლევას. მანამდე მე მოვერიდები კონკრეტული განმარტებების გაკეთებას. ჩვენ მთავარია მოვუსმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა", - განაცხადა "ოცნების" მთავრობის პრემიერმა და დასძინა, რომ სამუშაო პროცესი მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება და შესაბამისად, გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამის საფუძველზე შეიძლება იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები.

„ამის საფუძველზე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები. ამას გვიჩვენებს უკვე სამუშაო პროცესი. მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება ეს სამუშაო პროცესი, რაც უკავშირდება ფასებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ დღეს, "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდება.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები