მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენთვის თანამშრომელი სტუმარზე პრიორიტეტულია" - როგორ გაუმკლავდა “უინდემ გრანდ თბილისი" კადრების დეფიციტს?

უინდემ გრანდ თბილისი

საქართველოში თითქმის ყველა სექტორი კადრების დეფიციტს განიცდის. აღნიშნული გამოწვევა სასტუმრო ბიზნესშიც არსებობს.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “უინდემ გრანდ თბილისის“ გენერალური მენეჯერი მედეა კობახიძე გადაცემა „ქალების ნარატივში“ ამბობს, რომ კადრების დეფიციტი ნამდვილად დგას, თუმცა კომპანია გამოწვევას გაუმკლავდა.

მისივე თქმით, სასტუმრო დღეს 156-კაციან გუნდს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ „უინდემ გრანდ თბილისმა“ ოპერირება 2019 წელს დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო დროებით დაიკეტა.

„კადრების დეფიციტის პრობლემა დღეს ნამდვილად დგას, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევას სხვანაირად მივუდექით. პანდემიამდე ეს პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა სასტუმროს დახურვის შემდეგ ამ პრობლემის წინაშე დავდექით.

პანდემიამ გამოიწვია ის, რომ შეიცვალა დასაქმებულის ინტერესები. ადამიანებმა მყისიერ, დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლა ისურვეს, თუმცა გამოწვევების მიუხედავად, მენეჯმენტის მიდგომებით ჩვენ შევძელით და 156 კაციანი გუნდი შევკარით.

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდგომ ძირითადი ბირთვი დაგვიბრუნდა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენთან მუშაობა მოსწონთ.

ჩვენთვის უპირველესი თანამშრომელია, სტუმარზე პრიორიტეტულიც არის, რადგან ბედნიერი თანამშრომელი სტუმარსაც გააბედნიერებს“ - ამბობს მედეა კობახიძე.

ცნობისთვის: „უინდემ გრანდ თბილისი“ $48 მილიონის ინვესტიციით, გაიხსნა. ის 158 სხვადასხვა ტიპის ნომერს, საკონფერენციო და წვეულებების დარბაზს, სპა გამაჯანსაღებელ ცენტრს, სავარჯიშო დარბაზს და გამორჩეულ სამზარეულოს აერთიანებს.

სასტუმროს ძირითადი დამსვენებლები საერთაშორისო ტურისტები არიან, მათ შორის, ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ამერიკის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ინდოეთის, დანიის, გერმანიისა და ინგლისის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროში განთავსების ღირებულება $120-იდან იწყება და $2500 ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები