მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ჩვენზე უფრო განვითარებულ ბაზრებზეც მაღალი მერყეობაა, მაგალითად, ბრიტანული ფუნტი აიღეთ” - სებ-ის ვიცეპრეზიდენტი

620636e4f0200
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.22 14:27
982
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, რომ გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება მათ შორის ბაზარზე შექმნილ მოლოდინებს უკავშირდებოდა, რაც კურსის 3 ლარის ნიშნულზე ქვემოთ ჩამოსვლით იყო განპირობებული. თუმცა, მესტვირიშვილი ამბობს, რომ კურსის ასეთ მოკლევადიან მერყეობებთან მიმართებით სებ-ი განმარტებას არ აკეთებს. მისი თქმით, მართალია, კურსის მერყეობას და სწრაფ ცვლილებებს აჟიოტაჟური რეაქცია მოყვა, მაგრამ თავად კურსის მერყეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე მეზობელ თურქეთში ან რუსეთში. მესტვირიშვილის თქმით, საქართველოზე მაღალი მერყეობა აქვს განვითარებული ქვეყნების ვალუტებს, მათ შორის ბრიტანულ ფუნტსაც.

"მართალია, ჩვენთან კურსი მერყევია, მაგრამ ჩვენი განვითარების დონის მქონდე სხვა ქვეყნებში ვალუტა კიდევ უფრო მერყევია. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეიძლება არ ვაკვირდებოდეთ ყოველდღე რუბლის მერყეობას, მაგრამ პროცენტებს თუ შევხედავთ, იქ უფრო მაღალი მერყეობა აქვს კურსს, თურქეთზე აღარ მაქვს საუბარი.

თუნდაც ჩვენზე უფრო განვითარებული ბაზრები, მაგალითად, ბრიტანული ფუნტი რომ აიღოთ, იქაც მაღალი მერყეობაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს სტაბილური, ეს არ ნიშნავს, რომ კურსი მოკლევადიან პერიოდში არ იქნება მერყევი.

ჩამოვცდით კურსის ფსიქოლოგიურ ზღვარს, 3 ლარს, რამაც კიდევ უფრო გამყარების მოლოდინები გააჩინა. 3.30-დან 3.10-ზე რომ ჩამოვედით, ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოლოდინები საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია,"- ამბობს არჩილ მესტვირიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები