“ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას” - ასე უპასუხეს კომპანია “თელასში” BMG-ის კითხვას, რომელიც ევროკავშირის მიერ კომპანიის საბოლოო მფლობელის, რუსული ენერგოკომპანია “ინტერ რაოს” სანქცირების “თელასის” საქმიანობაზე გავლენას შეეხებოდა.
“თელასის” პრესსამსახურში BMG-ის უთხრეს, რომ “თელასი” საქართველოს კანონმდებლობის დაცვით გააგრძელებს საქმიანობას.
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც, სადაც ნათქვამია, რომ “ინტერ რაოს” მიუხედავად, ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად.
ცნობისთვის: ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Inter Rao "თელასის ჯგუფის” 75.47%-ის მფლობელია, კომპანიის 24,52%-ს კი ქართველი ბიზნესმენის ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჰოლდინგი ფლობს.
ევროკავშირის მიერ Inter Rao-ს სანქცირების ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვრცელი სამართლებრივი განმარტება არც კომპანია “თელასში” გაუკეთებიათ და არც - ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ჰოლდინგში.
BMG-მ კითხვებით მთავრობის ადმინისტრაციას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც მიმართა და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალას განვაახლებთ.




























