ციფრული კორიდორი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო საფრთხის წინაშეა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ყოფილი წევრი დენიელ დელტონი „
ტვიტერზე“ წერს.
„საინტერესო მოვლენები ვითარდება საქართველოში, ციფრული კორიდორი, რომელიც გააუმჯობესებს 1.8 მილიარდი ადამიანისთვის ინტერნეტწვდომას, საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო საფრთხის წინაშეა. კავკასია უმოკლესი მარშრუტია ევროკავშირიდან აზიამდე, ალტერნატიული მარშრუტი კი რუსეთის გავლითაა“, – წერს დელტონი და აზიარებს
Caspiannews-ის სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ქმედებები უცხოური კომპანიის წინააღმდეგ ევროპასა და აზიას შორის სატელეკომუნიკაციო კორიდორს საფრთხეს უქმნის.
„ევროპასა და აზიას შორის ციფრული სატელეკომუნიკაციო კორიდორის ამოქმედება Caucasus Online-ზე საქართველოს ხელისუფლების თავდასხმებმა საფრთხეში ჩააგდო, ამას მოჰყვა ბოლო დროს სწრაფად მიღებული სადავო და უპრეცედენტო ცვლილებები ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში, რაც კონკრეტულად კომპანიას იღებს მიზანში“, – წერს Caspiannews-ი.
აღნიშნულ საკითხს ასევე გაეცნო იტალიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფრანკო ფრატინი, რომელმაც ასევე "
ტვიტერზე" გააზიარა Caspiannews-ის სტატია.
შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს Caucasus Online-ის დედა კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც Caucasus Online-სთვის მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა.
თავად NEQSOL-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ Caucasus Online-ის მეწილეთა რიგებში ცვლილება განხორციელებულიყო.
საბოლოოდ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.
"კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს მისი პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, ეს მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება.