ციფრული ლარი ბანკების კონკურენტი გახდება - ამის შესახებ bm.ge-ს კრიპტოვალუტების სერტიფიცირებულმა ექსპერტმა ალექს სუდაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ციფრული ვალუტების შემოღების შემდეგ ნელნელა საბანკო ანგარიშებს და მობილურ ბანკებს ელექტრონული საფულეები და აპლიკაციები ჩაანაცვლებს, მომხმარებელიც სწორედ მათი მეშვეობით გადარიცხავს თანხებს, განახორციელებს შესყიდვებს და ა.შ. ამ პროცესებს კი ბანკები ნელნელა გამოეთიშებიან.
“დღეს ტენდენცია უკვე მიდის იქით, რომ სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში ცენტრალურმა ბანკმა ნელნელა ჩაანაცვლოს ის სერვისები, რაც კომერციულ ბანკებს აქვთ.
ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტების გამოშვების შემდეგ ყველა ადამიანი ხელფასს აიღებს კრიპტოვალუტით, დახარჯავს კრიპტოვალუტას, გადარიცხავს მას და ამ პროცესში კომერციული ბანკების როლი შემცირდება.
თუმცა, კომერციული ბანკებისთვის ერთ მნიშვნელოვან ნიშას ვხედავ. ისინი ფულს იშოვიან ფიატური (სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფული) ვალუტის კრიპტოვალუტაში გადაცვლის გზით”,- აცხადებს ალექს სუდაძე.
ციფრული ლარის გამოშვებაზე მუშაობა საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს დაწყებული. ის ხელმისაწვდომი მომავალი წლიდან გახდება, როცა ეროვნული ბანკი საპილოტე პროექტს ჩაუშვებს. ეს იქნება ლარის ეკვივალენტი ციფრული ფული, რომლის უკანაც სახელმწიფო დგას. სწორედ ეს არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კრიპტოვალუტებისგან, რომლის გარანტორი პრაქტიკულად არ არსებობს და მხოლოდ ნდობაზეა დაფუძნებული. კრიპტოვალუტა მკვეთრი მერყეობით და არასტაბილურობით გამოირჩევა. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ციფრული ვალუტები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უკონტროლო ფულის ტრანზაქციებმა სახელმწიფოები აიძულა საკუთარ ციფრულ ვალუტებზე ემუშავათ და მათ შორის არის საქართველოც.
კრიპტოვალუტების სპეციალისტი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ციფრული ვალუტების გამოშვება სხვა, უკვე არსებულ კრიპტოვალუტებს ვერ ჩაანაცვლებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი მსგავსება არსებობს.
“ცენტრალური ბანკების გამოშვებული ციფრული ვალუტა ცენტრალიზებულია. ეს ნიშნავს, რომ მათ უკან მდგარი ემიტენტები, ანუ ცენტრალური ბანკები, სწორედ ისინი აწესებენ თამაშის წესებს, რომელსაც უნდა დაემორჩილო. ესაა შინაარსობრივი განსხვავება ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტასა და კრიპტოვალუტებს შორის, რადგანაც კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებულია და აქ თამაშის წესები პრაქტიკულად არ არსებობს”,- აცხადებს ალექს სუდაძე.