მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Circus Maxima და ყველაზე მდიდარი ათლეტი ისტორიაში

გაიუს აპოლეუს დიოკლესი
17.02.24 20:35
771

Forbes-ის მიხედვით 2023 წლის სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენიდან სამივე ფეხბურთელია:

კრიშტიანუ რონალდუ - 46 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს მოედანზე, 90 მილიონ დოლარს მოედნის მიღმა. საერთო ჯამში - 136 მილიონი დოლარი.

ლიონელ მესი - 65 მილიონი მოედანზე, 65 მილიონი მოედნის მიღმა. საერთო ჯამში - 130 მილიონი დოლარი.

კილიან მბაპე - 100 მილიონი მოედანზე, 20 მილიონი მოედნის მიღმა. საერთო ჯამში - 120 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება დაგროვებულ ქონებას, აქ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლები გხვდებიან სათავეში, თუმცა, მათი ქონება მეტწილად წარმატებულმა ბიზნესმა განაპირობა.

სია ასეთია:

მაიკლ ჯორდანი - 3 მილიარდი დოლარი;

მეჯიქ ჯონსონი - 1.2 მილიარდი დოლარი;

ტაიგერ ვუდსი - 1.1 მილიარდი დოლარი;

ლებრონ ჯეიმსი - 1 მილიარდი დოლარი;

შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს რომ შემოსავლების თვალსაზრისით ეს სპორტსმენთა ოქროს ხანაა, შემოსავლების და არა სათამაშო თვალსაზრისით, რადგან საფეხბურთო და საკალათბურთო რენესანსმა უკვე გადაიარა. სპორტსმენები თავიანთ გავლენას აქტიური კარიერის შემდეგაც წარმატებით იყენებენ, ამის კარგი მაგალითები არიან NBA-ის ვარსკვლავები, მაიკლ ჯორდანი და მეჯიქ ჯონსონი, ლებრონი კი ისე გახდა მილიარდერი რომ პარკეტი არ დაუტოვებია, ეს საერთოდ სხვა საფეხურია.

მაგრამ, ყველა მილიარდერი სპორტსმენის ქონება რომ გავაერთიანოთ ესეც კი არ იქნება საკმარისი იმისათვის რომ ისტორიაში ყველაზე მდიდარი ათლეტის ქონებას გაუტოლდეს.

პური და სანახაობა

პირვლი საუკუნის პოეტმა და სატირიკოსმა, დეციმუს იუნიუს იუვენალუსმა დაგვიტოვა სიტყვა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია სპორტულ თამაშებზე, და მას მერე, ყველა გონიერმა ადამიანმა, რომელსაც ორი სიტყვა მაინც წაუკითხავს, იცის რომ დიდი თამაშები, ყოველთვის დიდი პოლიტიკის ნაწილია.

„ხალხი, რომელიც ოდესღაც ბრძანებით მიმართავდა კონსულებსა და ლეგიონებს, ახლა მხოლოდ ორი სადარდებელი აქვს - პური და სანახაობა“.

ანტიკურ რომში გადაწყვიტეს, რომ სანახაობაც პურივით იჭმევა და გზა გაუხსნეს ათასგვარ შეჯიბრებებსა თუ წარმოდგენებს. ძველ რომში სამი მთავარი სანახაობა იყო:

  • თეატრალური და საცირკო წარმოდგენები;
  • გლადიატორთა ბრძოლები;
  • ცხენებშებმული ეტლებით რბოლა;

თანამედროვე ადამიანის ცნობიერში მყარად გამჯდარია, რომ კოლოსეუმი იყო ძველი რომის მთავარი არენა, გლადიატორთა ბრძოლები კი უმთავრესი მოვლენა, ასეთი წარმოდგენა მეტწილად თანამედროვე კინომ განაპირობა და არა ისტორიულმა წყაროებმა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ სთრაქი კი გვეუბნება, რომ რომის გული არა კოლოსეუმზე, არამედ, Circus Maximus-ზე სცემდა.

და რა გასაკვირია.. გლადიატორები იმის ნახევარსაც ვერ შოულობდნენ, რასაც მთავარი სანახაობის პროტაგონისტები. რა უნდა მიეღო მებრძოლ მონას? მაქსიმუმ თავისუფლება. მომხდარა კიდეც ასე, თანაც, კოლოსეუმის გახსნის დღეს. მარკუს ვალერიუს მარციალის შემონახული ეპიგრამიდან ვიგებთ, რომ შედგა ბრძოლა ორ გლადიატორს, პრისკუსსა და ვერუსს შორის, რომელიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე მებრძოლი ახლოს იყო მეორის მოკვლასთან, მაგრამ ორივემ შეძლო და თავი დააღწია სიკვდილს. დილით დაწყებული ბრძოლა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ მზე გადავიდა და იმპერატორმა ბრძოლის შეჩერება ბრძანა, აჩუქა ორივეს ხის ხმალი, ესე იგი - თავისუფლება.

რადგან კოლოსეუმის გახსნის ცერემონია იყო, შესაძლოა, კარგი დადგმაც ყოფილიყო, რომს თეატრი და თამაში არ შეეშლებოდა, თანაც, კარგი ინსცენირება იქნებოდა დიდებული ბრძოლისა, რომელიც აიასსა და ჰექტორს შორის შედგა. ვინც ფილმით იცნობს ილიონის ამბებს ის ვერაფერს გაიგებს, მაგრამ ჰომეროსის მცოდნეებმა იციან, რომ ილიადაში „პირამიდა“ გვაქვს, რომლის სათავეშიც აქილევსია, მის ქვემოთ კი ორი თანაბარი ძალის მებრძოლი - აიასი და ჰექტორი.

გამოიწვია ჰექტორმა აქაველები, გავიდა საომრად აიასი და იბრძოლეს იმდენ ხანს სანამ მზე არ გადავიდა. ღმერთებმა ასე ინებეს. საჩუქრებიც გაცვალეს. აქ ჰექტორი უფრო დიდსულოვანი აღმოჩნდა, მაგრამ ეგ სხვა ამბავია და აღარ შევყვეთ.

ასე გაცოცხლდა „ილიადა“. ნამდვილად გაცოცხლდა თუ დადგმული იყო, აბა ახლა ამას ვინ გაიგებს, მაგრამ მარცელიუსმა გვითხრა რომ ბრძოლა შედგა და იქიდან დაიწყო კოლოსეუმის დიდი თამაშები, რომელიც ქრისტეშობიდან 400 წლამდე გაგრძელდა, მაგრამ არასდროს ყოფილა ძველი რომის მთავარი სანახაობა.

მთავარი თამაში

არენაზეც ვთქვათ ორი სიტყვა. სანამ მთავარ არენაზე ვიტყოდეთ უნდა გავიხსენოთ რამდენიმე ანტიკური არენა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია თანამედროვე სტადიონებზე. მათ შორის, ერთ-ერთი იყო პომპეის ამფითეატრი, რომელიც 20,000 ადამიანს იტევდა და როგორც წესი, ამ არენაზე გლადიატორების ბრძოლები იმართებოდა.

უკვე ვახსენეთ კოლოსეუმი, თანამედროვე რომის მთავარი სიმბოლო, ეს უკვე 45-დან 50,000-მდე მაყურებელს იტევდა. მთავარი სანახაობა გლადიატორთა ბრძოლები იყო, კოლოსეუმი უპირატეს ბრძოლებს მასპინძლობდა და იმპერატორიც ხშირად იყო წარმოდგენების სტუმარი.

მესამე არენა - დელფოს სტადიონი. პითიური თამაშებისათვის. დელფო ისედაც მისტიკური ადგილია, თავის შეცნობისა და დიდი სიბრძნის ადგილი. ადგილი წინასწარჭვრეტისა და გაცხადებისა. მითის მიხედვით პითიური თამაშები თავად აპოლონმა დააფუძნა პითონის მოკვლის შემდეგ. თამაშები თავდაპირველად ცხრა წელიწადში, შემდეგ კი ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობოდა. შეჯიბრება იმართებოდა ოლიმპიურ სახეობებში, განსაკუთრებულ ინტერესს კი სირბილში შეჯიბრება იწვევდა.

პანათენაიკის სტადიონი ლუკორგოსმა დააფუძნა ოლიმპიური თამაშებისთვის. მდებარეობს ათენში. დელფოს მსგავსად, აქაც სხვადასხვა თამაშები იმართებოდა. თუ ანტიკურ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშები იყო უპირატესი, ძველ რომში გლადიატორთა ბრძოლები და ეტლთა რბოლები ითვლებოდა ღმერთების თამაშებად.

და, მივადექით არენათა შორის არენას, დიდთა შორის დიდებულს - Circus Maximus!

ამ სტადიონთან შედარებით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბავშვო ბაღის კრებისთვის თუ გამოდგება. ცირკუს მაქსიმუსზე 200’000-დან 250’000-მდე ადამიანი ეტეოდა, ჰქონდა ოვალური ფორმა, როგორც წესი, ცირკუსზე იმართებოდა ეტლთა რბოლები. მისი კედლები კი იმპერატორის სასახლის დარბაზებთან იყო მიერთებული, რადგან იმპერატორს თავისივე დარბაზიდან შეძლებოდა რბოლის ყურება. სწორედ იმპერატორი გასცემდა რბოლის დაწყების სიგნალს.

ცირკუს მაქსიმა თავის თავში ხუთ კოლოზეუმს დაიტევდა და სამ მარაკანას, კამპ ნოუს, ან ბერნაბეუს. ეტლთა რბოლები კი ყველაზე მეტად თანამედროვე სპორტიდან ფორმულა ერთს ჰგავდა. თუ შედარებაა უფრო შორს წავიდეთ და ბავშვობას გაგახსენებთ - PlayStation-ის Crash Team Racing-ს ჰგავდა ძალიან. რამდენიმე მრბოლელი ცხენშებმული ეტლებით დაქროდა, ფინიშთან პირველი მისული გამარჯვებული იყო, მაგრამ ალბათ ხვდებით რომ გამარჯვება არ რჩებოდა ყველაზე სწრაფ ცხენს, ყველაზე კარგ და მოსახერხებელ ეტლს, არამედ ყველაზე ჭკვიან მრბოლელს, რადგან უმთავრესი ამოცანა ცირკუს მაქსიმაზე გადარჩენა იყო და არა გამარჯვება.

რბოლაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა, თითო გუნდიდან სამი მრბოლელი, სულ თორმეტი მრბოლელი. შვიდი წრე უნდა დაერტყათ და როგორმე გადარჩენილიყვნენ. მრბოლელები აღჭურვილნი იყვნენ მუზარადით, წვივსაფარით, მათრახითა და ნამგლისებრი ხანჯლით, რათა ახლოს მისული მეტოქისათვის ზიანი მიეყენებინათ. გადარჩენა უკვე დიდი ამბავი იყო, პირველი სამეული კი ჯილდოთი ბრუნდებოდა სახლში, მათზე თხზავდნენ ლექსებს და ხატავდნენ გალავნებზე.

ამ წარმოდგენის უმთავრესი ფიგურა კი გაიუს აპოლეუს დიოკლესი იყო.

გაიუს, ძმაო...

ჩვენი გმირი ქრისტეშობიდან 104 წელს დაიბადა ლამეკუმში, ლუზიტანიის დედაქალაქში, ემერიტა ავგუსტას პროვინციაში (თანამედროვე პორტუგალია). მამამისი ფლობდა მცირე სატრანსპორტო ბიზნესს, გემთმშენებელი იყო და ზღვაში გასვლაც უყვარდა. მოკლედ, გაიუსს არაფერი აკლდა, ცხენზე ჯირითიც კარგად იცოდა და საჭურველის ხმარებაც სიყრმიდანვე შეისწავლა. მის მხარეში მრავლად იყო ცხენების ფერმა და ნაქები ცხენებიც ჰყავდათ. რომში უპირატესობას ანიჭებდნენ ანდალუსიურ, არაბულ, კამარგულ ცხენებსა და გალურ პონის. ისტორიკოსების ცნობით დიოკლესი ეტლებით რბოლაში 18 წლის ასაკში ჩაერთო, ჯერ ილერდაში (თანამედროვე კატალონია) გაითქვა სახელი როგორც უნიჭიერესმა მრბოლელმა, შემდეგ კი დიდ ლიგაშიც მიიწვიეს.

მაინც რა ბიჭია გაიუსი? დიდი ტალანტების ამბავი ხომ იცით? ღვთისგან დალოცვილებს 17-18 წლის ასაკში უკვე ეტყობათ ვინც არიან და რას წარმოადგენენ. მაგალითად, თანამედროვე სპორტის სახეობებს რომ შევადაროთ, 17 წლის პელე ნახეს თუ არა, უკვე იცოდნენ რომ მოვლენა იყო, ისევე როგორც მარადონა, ისევე როგორც ლიონელ მესი. ეს ასაკი უკვე საკმარისი იყო მათი ნიჭის შესაცნობად, მერე უკვე ჯანმრთელობაზე ზრუნვა და გონივრული ნაბიჯი იყო მთავარი.

სადებიუტო სეზონშივე ცხადი გახდა ვინ იყო მაიკლ ჯორდანი, ან მეჯიქ ჯონსონი. დიდი წიაღსვლა აღარ იყო საჭირო. ახტა, დატრიალდა და ეგ არის, მოვლენაა! და როცა კაცი იტყვის რომ ეს მოვლენაა, ნიშნავს იმას, რომ ბევრ რამეს შეცვლის არა მხოლოდ არენაზე, არამედ კულტურაში და რაც მთავარია ადამიანში. თითქოს ღმერთების საქმეა კაცი შეცვალოს, გააკეთლშობილოს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კურთხეული ხალხის საქმეც ყოფილა.

დიოკლესი თეთრების გუნდში მიიწვიეს. მაშინ, ბრენდები არ ყოფილა, თუმცა, გუნდებს თავიანთი ფერები ჰქონდათ. პროვინციას თეთრი წარმოადგენდა, პატრიციებს მწვანე. იყო ასევე ლურჯი და წითელი საჯინიბოები. გარდა იმისა, რომ გუნდები კლასობრივად იყვნენ დაყოფილნი, გადმოცემის მიხედვით ოთხი ფერი წელიწადის დროებსაც წარმოადგენდა.

რამდენად პატიოსნად ტარდებოდა ეს ტურნირები კაცმა არ იცის, ისტორიამ კი გვითხრა რომ სამართლიანი იყო. თუმცა, ისტორია ხშირად გვატყუებს ხოლმე, რადგან ისტორიას კაცი წერს, გამარჯვებული კაცი, კაცი კიდე ბუნებით მატყუარაა.

გაიუსს თავისი პირველი ჯილდოს მოსაგებად ორი წელი დასჭირდა, თუმცა, სანამ ჯილდომდე მივიდოდა, მანამდე ხალხის სიყვარული დაიმსახურა, განსაკუთრებული, სანახაობრივი რბოლის გამო. Circus Maximus-ის კედლები დღემდე შემორჩენილია, დიდი პარკია მოწყობილი, ხშირად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, და თუ ოდესმე იქვე მოხვდებით, გაუყევით, წრე დაარტყით და გააბით საუბარი გაიუსთან. იქნებ რამე ჭკვიანური გითხრათ, აგერ, ამ თამაშების ყველა მკვლევარი აღნიშნავს, რომ უჭკვიანესი კაცი ყოფილა.

სწორედ ამის ხარჯზე გახდა ყველაზე პოპულარული და ყველაზე მდიდარი სპორტსმენი. მასზე კარგი მაჩვენებელი, მაგალითად, ფუსკუსს ჰქონია, მაგრამ საწყალი, 24 წლისა რბოლისას დაღუპულა. გაიუსმა კი იცოდა გამარჯვება, იმიტომ, რომ იცოდა გადარჩენა.

24 წლის ასაკში დიოკლესი მწვანეთა გუნდში მიიწვიეს, პატრიციების მხარდაჭერილი გუნდის მრბოლელებს ჰყავდათ ყველაზე კარგი ცხენები და ჰქონდათ ყველაზე კარგი აღჭურვილობა. ერთი სიტყვით, მაშინდელი მადრიდის რეალი იყო. თუმცა, დიოკლესი მწვანეებში სამ წელიწადზე მეტ ხანს არ გაჩერებულა, მათგან წასვლას კი დიდი გამბედაობა სჭირდებოდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გარკვეული წარმოდგენა გვექმნება მის ხასიათზე და პიროვნულ მახასიათებლებზე, ასევე, ფსიქოტიპზეც. ლუისვილის უნივერისტეტის პროფესორის, რობერტ კებრიკის მოხსენების მიხედვით, გაიუსმა წითლებში გადაინაცვლა, რადგან ამ გუნდის ერთპიროვნული ლიდერი იქნებოდა, მწვანეებს კი ჰქონდათ საშუალება სამივე მრბოლელი თანაბარი ძალის ყოფილიყო.

გაიუსის ტაქტიკას ჭკუიდან გადაჰყავდა პუბლიკა - წინ უშვებდა მრბოლელებს, ჩვენებურად რომ ვთქვათ ფორას აძლევდა, უკნიდან ადევნებდა თვალყურს როგორ ვერაგულად იცილებდნენ ერთმანეთს თავიდან, მერე კი ამ ნაბრძოლ ხალხს წამოეწეოდა და უპირატესი ხდებოდა, რადგან მან უკვე იცოდა რა მეთოდებით იბრძოდნენ წინ მყოფები, წინ მყოფებმა კი არ იცოდნენ რას აპირებდა დიოკლესი.

თუმცა, ეს მეთოდი საწყის სეზონებში მუშაობდა. დროთა განმავლობაში დიოკლესის ტაქტიკა შეისწავლეს, მაგრამ ის მუდმივად განაგრძობდა გამარჯვებას, თან ისე რომ სერიოზული ზიანი არ ადგებოდა.

რამდენი იშოვა გაიუსმა?

გაიუს დიოკლესმა 24 წლიანი კარიერის მანძილზე 4,257 რბოლაში მიიღო მონაწილეობა და 1,463 დაასრულა პირველ ადგილზე და 1,438-ჯერ დაიკავა საპრიზო ადგილი, უმეტესად მეორე და არა მესამე. ბევრ მრბოლელს 10-წლიანი კარიერაც არ ჰქონია, რადგან, თუ ცოცხლად რჩებოდნენ, ისეთ ზიანს იღებდნენ, რომ რბოლაში მონაწილეობის მიღებას ვეღარ ახერხებდნენ. გაიუსმა წარმოუდგენელი შეძლო - იმაზე გაცილებით წარმოუდგენელი, ვიდრე 39 წლის ლებრონ ჯეიმსის ზედიზედ მეოცე All Star-ი.

რბოლები ტრადიციულად ოთხცხენიანი ეტლებით იმართებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ექვსცხენიანი და შვიდცხენიანი რბოლა შედგა. ასევე სამცხენიანიც. როცა ნორმას გადაუხვევდნენ საპრიზო თანხაც მეტი იყო.

საერთო ჯამში დიოკლესმა 35,863,120 სესტერციუსი მოიხვეჭა. რთულია ზუსტად იმის გამოთვლა ახლა რა თანხას შეიძლება ეს ქონება შეადგენდეს, მაგრამ გამოთვლები 10 მილიარდი დოლარიდან 50 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

მაგალითად, რომაელ ჯარისკაცებს 900 სესტერციუსს უხდიდნენ.

თუ 400,000 სესტერციუსს ფლობდი, ძალიან მდიდარ ადამიანად ითვლებოდი. სენატორების ქონება კი დაახლოებით 1,000,000 სესტერციუსს შეადგენდა.

დიოკლესის ქონება სენატორებს კი არა მთელი რომის იმპერიას დააპურებდა მთელი ერთი წლის განმავლობაში.

სად უნდა წაეღო ეს ფული? iPhone-ს ვერ იყიდდა და დიდი გამომგონებლური ნიჭიც არ ჰქონია. მამის ბიზნესისთვის დიდი თანხა გაიღო და რომს ბევრი კარგი გემი შეემატა, თავად კი მაინც მიწის კაცი იყო, მამის მსგავსად ზღვის გადაცურვა არასდროს ნდომებია, ამიტომ, ბევრი ფიქრიც არ დასჭირვებია იმისათვის სად უნდა წაეღო ამხელა თანხა - მიწები იყიდა რომის პროვინციაში.

რომში, და იმჟამინდელ სამყაროში, დიოკლესზე მდიდარი კაცი, სავარაუდოდ, მხოლოდ იმპერატორი იყო, რომელიც მაინცდამაინც დიდი შურით არ გამოირჩა, რადგან დიოკლესი ხალხის ფავორიტი მრბოლელი იყო და პოლიტიკური ამბიციები არ ჰქონია. ამან გადაარჩინა, რომის ყველაზე მდიდარი კაცი და ისტორიაში ყველაზე მდიდარი ათლეტი.

ავტორი - არმაზ ახვლედიანი

წყარო:
/ Kebric, Robert B. "The Career of Diocles, Roman Charioteer."
/ Mandal, Dattatreya. "A Roman Was A Highest Paid Athlete In History Of Mankind."
/ Struck, Peter T. "Greatest of All Time: Lifestyles of the Rich and Famous Roman Athletes."
/ Wardrop, Murray. "Wealth of Today's Sports Stars Is 'no Match for the Fortunes of Rome's Chariot Racers'"
/ Athletic Interest

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები