მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო პოტენციალი

64a532227a0fd
ირაკლი მოდებაძე
06.07.23 00:05
1242
პირველ ივლისს ფეხბურთში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებს თავიანთი შემადგენლობის გაძლიერება ახალი ფეხბურთელებით, უკვე შეუძლიათ.

ინტერესი არ წყდება ქართველი ფეხბურთელების მიმართაც, განსაკუთრებით 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც საქართველომ ჯგუფური ეტაპი გადალახა და მეოთხედფინალში გავარდა.

ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი საბა საზონოვი, გერმანული „ჰამბურგის“ რადარზეა, თუმცა „დინამო მოსკოვის“ ყოფილი ფეხბურთელის ტომისლავ დუიმოვიჩის განცხადებით საქმეში იტალიური კლუბებიც არიან ჩართულნი. ტრანსფერმარკტის მიხედვით საზონოვის ღირებულება 2.5 მილიონი ევროა, კონტრაქტი კი „დინამო მოსკოვთან“ 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ამავე ევრო პირველობაზე ჩვენი ნაკრების გოლკიპერის გიორგი მამარდაშვილის თამაშით, როგორც ჩანს ბევრი ტოპ კლუბი დაინტერესდა. აქამდე მის ტრანსფერს ძირითადად ინგლისურ პრემიერ ლიგის კლუბებს უკავშირებდნენ, გუშინ კი ერთ-ერთმა სანდო სატრანსფერო ანალიტიკოსმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამარდაშვილის შეძენით მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდება. გერმანული კლუბის ძირითადის გოლკიპერს მანუელ ნოიერს კონტრაქტი 2024 წელს უმთავრდება და შესაბამისად „ბაიერნი“ მომავალში ძირითადის მეკარედ ქართველ გოლკიპერსაც განიხილავს.

ფრანგული ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე ასევე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართველი მოთამაშეა სატრანსფერო ბაზარზე. იტალიური „ნაპოლის“ ყოფილი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, რომლის სახელსაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი უკავშირდება, აპირებს, რომ მის ამჟამინდელ კლუბ ტურინის „იუვენტუსში“ მიქაუტაძე გადაიყვანოს. ტრანსფერმარკტის მიხედვით მიქაუტაძის ფასი 10 მილიონი ევროა.

რაც შეეხება უკვე დადასტურებულ ტრანსფერებს დიდი ცვლილებები მოხდა ბათუმის „დინამოში“, კერძოდ იტალიურ „ფროზინონეში“ კლუბის ყოფილი შემტევი გიორგი კვერნაძე ითამაშებს, რომელიც ნახევარ მილიონ ევროდაა შეფასებული. მის შემცვლელად კი აჭარულმა კლუბმა „დინამო კიევიდან“ იჯარის წესით 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი წიტაიშვილი დაიმატა. კლუბიდან წავიდა ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილიც, რომელიც ავსტრიულ „ვოლფსბერგერს“ შეუერთდა, თუმცა კონტრაქტის დეტალები არ გამჟღავნებულა.

თურქულ „ჰატაისპორში“ ითამაშებს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანიაც, რომელიც კლუბში ქართველ საბა ლობჟანიძეს შეუერთდება.

საკუთარ კლუბებთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს ზურიკო დავითაშვილმა („ბორდო“) და გიორგი გველესიანმა („პერსეპოლისი“).

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა პირველ ივლისს გაიხსნა და პირველ სექტემბერს დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები