მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CityPay.io-მ Tether-ისგან $10 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

CityPay.io / Tether

კრიპტოგადახდების მიმართულებით წამყვანმა ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, CityPay.io-მ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტი, ანუ გამომშვები კომპანიისგან, Tether-ისგან, დამატებითი, $10 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, Tether-ისგან მოზიდული დამატებითი კაპიტალით, CityPay.io საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კერძოდ უზბეკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაფართოებას განაგრძობს.

როგორც გითხარით, ეს რიგით მეორე ინვესტიციაა, რომელიც Tether-მა ქართულ სტარტაპში განახორციელა. როგორც BMG გასული წლის ივლისში Tether-ის იმდროიმდელ ტექნოლოგიურ დირექტორზე, პაოლო არდოინოზე დაყრდნობით წერდა, პირველი საინვესტიციო რაუნდის შედეგად, CityPay.io $15 მილიონად შეფასდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საინვესტიციო რაუნდი ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისთვის უპრეცედენტოდ შეიძლება ჩაითვალოს, მოსალოდნელია, რომ კომპანიის შეფასებამ მკვეთრად იმატა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Tether-ი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა ციფრული აქტივების ინდუსტრიაში, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. Tether-ის მიერ გამოშვებული სტაბილური კრიპტოვალუტა, იგივე სტეიბლკოინი, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში რიგით მე-3 კრიპტოვალუტაა - ბიტკოინისა და ეთერის შემდეგ. დღეს, USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $110 მილიარდს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები