მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: სასტუმრო კოსმოსში ტურისტებს 2025 წლიდან მიიღებს

62725d195c75b
მარიამ ადამია
05.05.22 00:30
2587
შვებულების დროს, კოსმოსში მოგზაურობის დაგეგმვა, დღითიდღე უფრო რეალური ხდება. CNN-ის ცნობით, მალე, სასტუმროს ნომრიდან მზის სისტემის დათვალიერების შესაძლებლობა გაჩნდება. ამ კუთხით პირველი სერიოზული ნაბიჯი ამერიკულმა კომპანია Orbital Assembly-მ გადადგა, ანუ კოსმოსში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო და მისი კონცეფციის დეტალებზეც ალაპარაკდა. წინასწარი მონაცემებით, სასტუმრო მბრუნავი ბორბალის ტიპის იქნება, რომელიც დედამიწის გარშემო იტრიალებს, თუმცა არის ვარაუდი, რომ ერთდროულად ორ პროექტზე დაიწყოს მუშაობა. პირველი, სახელად “ვიოაჟერი,” ჯამში 400 სტუმარს დაიტევს და ის სავარაუდოდ, 2027 წელს გაიხსნება, ხოლო მეორე “პიონერი”, შედარებით მცირე, 28 ადამიანზე გათვლილი სადგური იქნება და როგორც პროექტზე მომუშავე კომპანია აანონსებს, ის სამ წელიწადში დასრულდება.

ამ ყველაფრის მიზანი კოსმოსური “ბიზნეს პარკის” გამართვა, ოფისებისა და ტურისტული ცენტრების მოწყობა და კოსმოსური მოგზაურობის გაცილებით გამარტივებაა, როგორც ტექნიკურად, ასევე ღირებულების კუთხითაც. ეს უკანასკნელი კი, ყველაზე დიდი ბარიერია კოსმოსში მოგზაურობის დასაგეგმად, რადგან მაღალი ფასი, არ აძლევს შესაძლებლობას მსურველებს, რომ გასცდნენ დედამიწის საზღვრებს. გარდა სასტუმროს ფუნქციისა, პროექტები ასევე საოფისე სივრცეებს გააერთიანებს, რომლის დაქირავებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ეს არ იქნება ძვირად ღირებული ტიპის სასტუმრო, თუმცა მისი მთავარი ხიბლი კოსმოსური ხედებია და გათვალისწინებული იქნება ყველა კომფორტიც.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ცხადია, რისკები არსებობს, მაგრამ ამ თვალსაზრისით, სპეციალისტები მუშაობენ, რომ ყველაფერი იყოს გადაზღვეული და კოსმოსური სადგურის ტურისტები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ კოსმოსისთვის სულ უფრო მეტი ფული იხარჯება, იზრდება კრიტიკაც. მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს თანხა დედამიწას და კაცობრიობისთვის მეტად სასარგებლო მიზნებს მოხმარდეს. ამის საპასუხოდ კი, პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების გაჩენა, საზოგადოების კულტურას და შეხედულებებს რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით შეცვლის, რაც თავის მხრივ დედამიწაზე ცხოვრების სტანდარტს გააუმჯობესებს.

რაც შეეხება ღირებულებას, მართალია დღეს ბილეთი კოსმოსურ სადგურში არის ძვირი, თუმცა ეტაპობრივად დაიკლებს და მოგზაურობა მხოლოდ მილიარდერების პრეროგატივა არ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები