საშობაო ტურების დაგეგმვა და ტურებზე ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია, BMG დაინტერესდა თუ რომელი მიმართულებებია საშობაო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი და დაახლოებით, რა ღირს მოგზაურობა ამ დროს.
ტურისტული კომპანია “არტ თრეველის” დამფუძნებელი, ანასტასია გაბუნია, "საქმიან დილაში" სტუმრობისას ამბობს, რომ საშობაო ტურები ძირითადად ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის 25 რიცხვამდე ტარდება და დატვირთვაც ამ პერიოდზე მოდის.
მისი თქმით, საშობაოდ, წელს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებად კვლავ ევროპის ქვეყნები რჩება, თუმცა იანვარ-თებერვალში, დიდი მოთხოვნით თბილი ქვეყნები ლიდერობენ.
“საშობაო პერიოდში, ტრადიციულად პირველ ადგილს ევროპის ქალაქები იკავებენ. ევროპულ ბაზრობებს ქართველი დამსვენებლები არ აკლდებიან და წელს განსაკუთრებული მოთხოვნაა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ზამთარი დიდი ხნით გრძელდება, საახალწლო პერიოდში, ჯავშნები ძირითადად თბილი ქვეყნების მიმართულებით გვაქვს. საკმაოდ დატვირთულია საამიროების მიმართულება, ასევე ტაილანდი, ინდონეზია და მალდივები. რაც შეეხება, ახალი წლის გარდამავალ პერიოდს, თებერვლიდან, საკრუიზო მიმართულებები აქტიურდება“, - ამბობს ანასტასია გაბუნია