მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოგზაურო ტურები საშუალოდ 20%-ით გაძვირდა - ტურისტული კომპანია

6436bc90b31bb
მარიამ იზორია
13.04.23 00:05
600
ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ წელს სამოგზაურო ტურებზე ფასები გაიზარდა. ქართველ დამსვენებელს 2023 წლის სეზონზე მოგზაურობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით უფრო ძვირი დაუჯდება.

როგორც ტურისტული კომპანია Check in Travel-ის დირექტორი ია გედევანიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, ფასის ზრდა განსაკუთრებით მაისის თვეში დაფიქსირდება.

„დასვენების ღირებულება გასულ წელთან შედარებით ნამდვილად გაზრდილია, რადგან ფასმა მოიმატა, როგორც სასტუმროში განთავსებაზე, ასევე ავიაბილეთებზე. მოგზაურობა 10-20%-მდე არის გაზრდილი“ - აღნიშნავს ის.

მოგზაურობაზე ფასების ზრდას ადასტურებენ კომპანია "პეგას ტურისტიკ ჯორჯიაშიც“. კომპანიის კომერციული დირექტორის, სალომე ბერაიას განმარტებით, წინასწარი ჯავშნები დასრულებულია და ტურების ღირებულება საწყის ფასს უბრუნდება.

„ფასი ინდივიდუალურია და ის მიმართულებაზეა დამოკიდებული, თუმცა ტურისტული პაკეტები საშუალოდ რომ ვივარაუდოთ, 20%-ით მაინც არის გაძვირებული. დასრულდა ნაადრევი ჯავშნებიც, რომლის საშუალებითაც დამსვენებლები მოგზაურობის დაგეგმვას თითქმის 40%-მდე ფასდაკლებით ახერხებდნენ, დეკემბრის თვიდან აპრილის პირველ რიცხვამდე ჰქონდა დამსვენებელს ამის საშუალება“ - აღნიშნავს სალომე ბერაია.

ინფორმაციისთვის: გასული წლის განმავლობაში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1 მილიონ 700 ათასი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.2-ჯერ მეტია. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოდან განხორციელებული ტურისტული ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთზე მოდის. 2022 წელს თურქეთში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 941 400 შეადგინა, რუსეთის მიმართულებით კი ვიზიტების რაოდენობა 247 400-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები