მსოფლიოში ცნობილი გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანია Coca-Cola გლობალური მასშტაბით 2 200 სამუშაო ადგილს შეამცირებს. აქედან 1,200 აშშ-ზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სამუშაო ადგილების შემცირების მიზეზი პანდემია არ ყოფილა, თუმცა აცხადებენ, რომ ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა ბიზნესის რესტრუქტურიზაცია დააჩქარა.
„პანდემია არ ყოფილა ამ ცვლილებების გამომწვევის მიზეზი, თუმცა გახდა კატალიზატორი კომპანიის ზრდის ტემპების დასაჩქარებლად“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გასული წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომპანია Coca-Cola-ში დასაქმებული იყო 86,200 თანამშრომელი, საიდანაც 10,400 აშშ-ში მუშაობდა.
როგორც გამოცემა წერს, 500-მდე სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება ატლანტაში, სადაც კომპანიის სათავო ოფისია განთავსებული.