მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Coca-Cola-მ წყალბადზე მომუშავე გასაყიდი აპარატი შექმნა

კოკა-კოლა / აპარატი

გამაგრილებელი სასმელების მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა, ამერიკულმა The Coca-Cola Company-მ მომხმარებელს კიდევ ერთი სიახლე წარუდგინა.

ამჯერად, ამერიკულმა კომპანიამ აპარატულ უზრუნველყოფაზე იმუშავა და ისეთი გასაყიდი აგრეგატი, ე.წ. “ვენდინგ აპარატი” შექმნა, რომელიც მუშაობს არა დენზე, არამედ - წყალბადზე. იაპონურ Fuji Electric-თან კოლაბორაციით შექმნილი აპარატის დებიუტი იაპონიის ქალაქ ოსაკაში გასამართ World Expo 2025-ზე შედგება.

Coca-Cola-ს ახალი აპარატი დაახლოებით ისევე ფუნქციონირებს, როგორც წყალბადზე მომუშავე სხვა აგრეგატები, მათ შორის ავტომობილი, გემი ან თვითმფრინავი, მაგრამ მასშტაბი, ცხადია, განსხვავებულია. როგორც ირკვევა, აპარატში არსებულ გენერატორში წყალბადით აღვსილი კარტრიჯი იდება, რის შემდეგაც წყალბადის და ჟანგბადის რეაქციით ელექტროენერგია იქმნება, რომელიც ბატარეაში ინახება და აპარატს შესაბამისი ენერგიით ამარაგებს. გამომდინარე იქიდან, რომ წყალბადის კარტრიჯი, ისევე, როგორც გენერატორი უშუალოდ მოწყობილობაში არის დამონტაჟებული, თავად ვენდინგ აპარატი დიდი ზომისაა.

როგორც Coca-Cola-ში ამბობენ, ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა კომპანია ამ ტექნოლოგიას გამოიყენებს. გამაგრილებელი სასმელების გაყიდვების პროცესში წყალბადის ინტეგრირებით ამერიკულ კომპანიას ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება სურს, რათა Coca-Cola-მ 2050 წლისთვის დასახული გეგმა შეასრულოს და სრულად ნახშირბადნეიტრალური კომპანია გახდეს. ოსაკაში გასამართ გამოფენაზე კომპანია 58 აპარატით იქნება წარმოდგენილი, რომლებიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით სხვადასხვა ადგილებში გამოჩნდება.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად წყალბადზე, რომელიც ბუნებრივი წიაღისეულის ერთ-ერთ ალტერნატივად ითვლება. ამ დროისთვის, წყალბადს საწვავად ყველაზე ხშირად ავტომობილებში და გემებში გამოიყენებენ, მაგრამ მასშტაბით, ის ახლოსაც ვერ მივა ტრადიციულ ენერგიის წყაროებთან. ამ მიმართულებით უდავო ლიდერია იაპონური Toyota, რომელმაც წყალბადზე მომუშავე ავტომობილი Mirai ჯერ კიდევ 2014 წელს წარმოადგინა. ამ მიმართულებით, Toyota გერმანულ BMW-სთანაც თანამშრომლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები