მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Coca-Cola მექსიკასა და ბრაზილიაში $12 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს

Coca-Cola

გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Coca-Cola მექსიკასა და ბრაზილიაში, ჯამურად, $12 მილიარდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განახორციელებს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა, EFE Noticias-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, დასახელებული თანხის ნახევარი, $6 მილიარდი მექსიკაში ჩაიდება. ეს გადაწყვეტილება კი მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც Coca-Cola-ს აღმასრულებელი დირექტორი, ენრიკე ბრაუნი და მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი ერთმანეთს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება სრულ თანხვედრაშია მექსიკის ხელისუფლების გამოცხადებულ “მექსიკის გეგმასთან", რომელიც 2030 წლისთვის ქვეყანაში კოლოსალური მოცულობის ინვესტიციების მოზიდვას და სახელმწიფოს მსოფლიოს საუკეთესო 10 ეკონომიკას შორის მოხვედრას ისახავს. როგორც უცხოური მედია წერს, მექსიკა Coca-Cola-სთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მაღალშემოსავლიანი ბაზარია, სადაც გაზიან სასმელებზე ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.

როგორც აღინიშნა, მსხვილი ინვესტიციის ჩადება იგეგმება ბრაზილიაშიც. კერძოდ, საუბარია $5.8 მილიარდ დოლარზე, რაც ახალი ქარხნებისა და სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, ვიცე-პრეზიდენტ ჟერალდუ ალკმინისთან ერთად Coca-Cola-ს ბრაზილიისა და სამხრეთ რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ლუსიანა ბატისტას შეხვდა. ცნობისთვის, ბრაზილიის მასშტაბით კომპანიას 35-მდე საწარმო ობიექტი აქვს გახსნილი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლათინური ამერიკის უდიდეს ეკონომიკაში მსგავსი მასშტაბის ინდუსტრიული ექსპანსია ლოგისტიკური ქსელის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს და Coca-Cola-ს საშუალებას მისცემს, რეგიონულ ბაზარზე დომინანტური პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები