მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Coca-Cola მსოფლიოს 170-მდე ქვეყნის საყვარელი გამაგრილებელი სასმელია” - უორენ ბაფეტი

უორენ ბაფეტი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო კომპანიის, ამერიკული Berkshire Hathaway-ის პორტფელში, უმეტესწილად, ამერიკული კომპანიები არიან, რაც გასაგებიცაა, რადგან თავად უორენ ბაფეტი, კომპანიის აწ უკვე გარდაცვლილი ვიცე-თავმჯდომარე, ჩარლი მანგერი და აქციონერების უდიდესი ნაწილი, სწორედ ამერიკას წარმოადგენენ. ამასთან, უორენ ბაფეტი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანადაც ითვლება, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის პლანეტის 2007-2009 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის კიდევ უფრო მეტად გამწვავების დაცვისგან. როგორც უორენ ბაფეტი ამბობს, Berkshire Hathaway-ი უმეტესწილად ამერიკულ კომპანიებში ინვესტირებას მომავალშიც გააგრძელებს და ლიდერ კომპანიებს შორის იქნება, როგორც Apple-ი, ასევე American Express-ი და Coca-Cola, რომელსაც ინვესტორი ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ კომპანიად მიიჩნევს.

“ჩვენი ძირითადი ინვესტიციები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება კონცენტრირებული. American Express-ი გლობალური კომპანიაა, ხოლო Coca-Cola-სავით გლობალურად სავარაუდოდ, არც ერთი კომპანია არ ოპერირებს. Coca-Cola მსოფლიოს 170-მდე ქვეყნის საყვარელი გამაგრილებელი სასმელია. ამ კომპანიების მიმართ მიმღებლობის მაჩვენებელი უბრალოდ უალტერნატივოა. ჩინურ BYD-ში და რამდენიმე იაპონურ კომპანიაში ინვესტირება, რაც რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, ძალიან მიმზიდველი ინიციატივები იყო, რომლებიც მაქსიმალურად მალე შევიძინეთ. თუმცა სამომავლოდ, ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ ბევრ ინვესტიციას არ განვახორციელებთ, რადგან ამერიკის ეკონომიკაში ძალიან კარგად ვერკვევით. ამავეს ვერ ვიტყვით სხვა ქვეყნებსა და კულტურებზე და სიმართლე ითქვას, ეს არც მჭირდება, რადგან მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყანაში არ ვცხოვრობთ.

ამერიკელები, რომლებიც მოსახლეობის ნახევარ პროცენტს წარმოადგენენ, მსოფლიოს სიმდიდრის ოც პროცენტს ფლობენ და ეს ყველაფერი მოკლე დროში მოხდა. ამგვარად, ამერიკაზე ორიენტირებულ კომპანიად ვრჩებით და თუ დიდ შესყიდვას განვახორციელებთ, ის, სავარაუდოდ, ამერიკაში იქნება. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩარლიმ მხოლოდ ორჯერ მითხრა, რომ კომპანიის აქციები აუცილებლად უნდა გვეყიდა. ერთ-ერთი მათგანი BYD იყო, მეორე კი - Costco. ჩარლის პროგნოზი ორივე შემთხვევაში გამართლდა”, - განაცხადა უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აქციონერებთან შეხვედრაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები