მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Coca-Cola-ს შემოსავლებმა მოლოდინს გადააჭარბა, კომპანიის აქციები მკვეთრად გაიზარდა

KO

ამერიკულმა გიგანტმა, The Coca-Cola Company-მ პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები წარადგინა, რომელთა მიხედვითაც კომპანიის შემოსავლებმა და მოგებამ ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. სასმელების გიგანტის კორექტირებულმა წმინდა გაყიდვებმა $12.47 მილიარდი შეადგინა, მაშინ როცა უოლ-სტრიტი $12.24 მილიარდს ელოდა.

ამ პოზიტიური შედეგის გავრცელების ფონზე, კომპანიის აქციების შეფასება თითქმის 6%-ით გაიზარდა და მისი კაპიტალიზაცია ამჟამად $343 მილიარდს აღწევს.

რაც შეეხება ერთ აქციაზე მოგებას (EPS), მაჩვენებელი 86 ცენტია, რაც 5 ცენტით მეტია წინასწარ განსაზღვრულ მონაცემზე. დადებითი დინამიკის ფონზე, კომპანიამ წლიური მოგების პროგნოზიც გაზარდა და 7-8%-იანი ზრდის ნაცვლად, ახლა უკვე 8-9%-იან მატებას ელოდება.

კომპანიის წმინდა მოგება, რომელიც აქციონერებზე განაწილდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. თუ გასულ წელს ეს მაჩვენებელი $3.33 მილიარდს შეადგენდა, მიმდინარე კვარტალში ციფრმა $3.92 მილიარდს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ Coca-Cola-ს ორგანული შემოსავალი, რომელიც ვალუტის კურსის ცვლილებასა და აქტივების ყიდვა-გაყიდვას არ მოიცავს, 10%-ით გაიზარდა.

გლობალური მასშტაბით გაყიდვების მოცულობა 3%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად ჩაისა და ჩამოსასხმელი წყლის სეგმენტზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა. განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, სადაც მოცულობა 4%-ით გაიზარდა. გაზიანი სასმელების მიმართულებით კი ლიდერობას Coca-Cola Zero ინარჩუნებს, რომლის გაყიდვებიც 13%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, Coca-Cola მსოფლიოს უმსხვილესი სასმელების მწარმოებელია, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანიის პორტფელი მრავალფეროვან ბრენდებს აერთიანებს, რომელთა შორის გაზიანი სასმელების გარდა, წყლის, სპორტული და ენერგეტიკული სასმელების მიმართულებებიც შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები