ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესმა კრიპტობირჟამ, რომელიც, ამავდროულად, საფონდო ბირჟაზე დალისტული ერთადერთი კრიპტობირჟაა მსოფლიოში, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისგან კრიპტოვალუტების ფიუჩერსების საცალო კლიენტებისთვის შეთავაზების უფლება მოიპოვა. ამ გადაწყვეტილებით, ამიერიდან, Coinbase-ი ამ სერვისის შეთავაზებას ინდივიდუალური მომხმარებლებისთვისაც შეძლებს, რაც, ამ დრომდე, დაუშვებელი იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საეტაპოდ შეიძლება ჩაითვალოს არამხოლოდ Coinbase-ისთვის, რომელიც პირველი კრიპტობირჟა გახდა ამერიკაში, რომელმაც ამ სერვისის შეთავაზების უფლება მიიღო, არამედ მთლიანად კრიპტოინდუსტრიისთვის. საკუთარ განცხადებაში, Coinbase-ი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება კრიტიკული ნიშანსვეტია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, Coinbase-ი, ისევე, როგორც მისი მაღალჩინოსნები, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას ჯერაც საჯაროდ აკრიტიკებენ. Coinbase-ის დირექტორის, ბრაიან არმსტრონგის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, შესაძლოა, ქვეყნის ბაზარი სულ უფრო და უფრო მეტმა კომპანიამ დატოვოს, რომლებიც ოპერირებას ოფშორებიდან გააგრძელებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, Coinbase-ის აქციების ღირებულებამ 3%-ით, $81.55-მდე იმატა. დღეს, Coinbase-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $17.7 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის რიგით 950-ე კომპანიაა მსოფლიოში.