მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coinbase-მა Deribit-ი შეიძინა, რაც $2.9 მილიარდი დაუჯდა

Coinbase

ამერიკულმა კრიპტობირჟა Coinbase-მა, კრიპტოდერივატივებით ვაჭრობის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა Deribit-ი შეიძინა, რაშიც $2.9 მილიარდი გადაიხადა.

ეს გარიგება იმდენად მასშტაბურია, რომ კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში შევა, რადგან ამ მოცულობის M&A-ის ტიპის ტრანზაქცია სექტორში ამ დრომდე არ შესრულებულა. თუმცა Coinbase-ისთვის ეს ტრანზაქცია მხოლოდ ფულს არ უკავშირდება, რადგან Deribit-ის შესყიდვით, კრიპტობირჟა ახალ ბაზრებზე გავა.

Deribit-ის შესყიდვით Coinbase-ი ტრეიდინგ-ფუნქციონალს გააფართოებს და, სავარაუდოდ, განვითარების ახალ საფეხურზე გავა, რაც დერივატივებზე დაფუძნებულ ინსტიტუციურ ტრეიდინგს გულისხმობს, სადაც, როგორც ცნობილია, დიდი ფული ტრიალებს. ამ მიმართულებით თამაშის წესებს სხვა მოთამაშეები აწესებდნენ, მაგრამ ამიერიდან, მათ ჩამონათვალში Coinbase-იც მოხვდა. თან, დერივატივებით ტრეიდინგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალმარჟიანი ბიზნესია, რომელიც ბირჟას შეიძლება ჰქონდეს.

გარიგება ორნაწილად შესრულდება: პირველ რიგში, Deribit-ის აქციონერები $700 მილიონს ნაღდი ფულის სახით მიიღებენ, დანარჩენი კაპიტალი კი Coinbase-ის 11 მილიონი ა-კლასის აქციებით. სიახლის გავრცელების ფონზე, Coinbase-ის აქციები 5%-ით გაძვირდა, რაც ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების გაძვირებასთან ერთად Coinbase-ისთვის დადებითი სიგნალია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ Coinbase-ის მიერ Deribit-ის შესყიდვა უკავშირდება არამხოლოდ ამ ორ კომპანიას, არამედ მთელ სექტორს. ეს გარიგება, ისევე, როგორც Ripple-ის მიერ Hidden Road-ის $1.25 მილიარდად შესყიდვა გლობალური კრიპტოინდუსტრიის კონსოლიდაციაზე მიგვანიშნებს. მარტივად რომ ვთქვათ, დიდი მოთამაშეები ყიდულობენ მცირე, მაგრამ მაღალი სპეციალიზაციის მქონე პლატფორმებს, რათა შექმნან ყოვლისმომცველი ფინანსური ეკოსისტემები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები