მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Colonial Pipeline-ის სანაცვლოდ Brookfield Asset Management-ი $9 მილიარდს გადაიხდის

Colonial Pipeline

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელი კომპანია Colonial Pipeline-ი იყიდება.

კომპანიის და მისი აქტივების, მათ შორის აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული 8,850-კილომეტრიანი მილსადენების სისტემის სანაცვლოდ, ამერიკული აქტივების მმართველი კომპანია Brookfield Asset Management-ი $9 მილიარდს გადაიხდის.

Colonial Pipeline-ი რამდენიმე თვის განმავლობაში აუქციონის პრინციპით იყიდებოდა, რომლის გამარჯვებულად სწორედ ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია გამოცხადდა. თუკი გარიგება არ დახარვეზდა, ის მომდევნო კვირებში დაიხურება.

Colonial Pipeline Company მილსადენების სისტემის მართვისთვის ჯერ კიდევ 1962 წელს დაფუძნდა და ის შტატ ჯორჯიას ქალაქ ალფარეტაშია ბაზირებული. დღეს, კომპანიას ინვესტორთა ჯგუფები ფლობენ, რომელთა შორის არიან Koch Industries, KKR და Shell Pipeline-ი. აღნიშნული სისტემით, რომლებიც მექსიკის ყურიდან აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირომდე გადაჭიმულ ათასობით კილომეტრის სიგრძის მილსადენებს აერთიანებს, ტრანსპორტირდება, როგორც საწვავი, ასევე საავიაციო და სამხედრო ნავთი და საცხებ-საპოხი მასალები. მილსადენების კომპლექსით, ყოველდღიურად, ორი მილიონი ბარელის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.

აგრეთვე ამერიკული Brookfield Asset Management-ი ალტერნატიული აქტივების მმართველი კომპანიაა, რომლის პორტფელის მოცულობა $1 ტრილიონს აღემატება. კომპანია უოლ-სტრიტზე არის ბაზირებული და, უმეტესწილად, უძრავ ქონებაში, ინფრასტრუქტურაში, განახლებად ენერგეტიკაში და კერძო და სავალო კაპიტალში ინვესტირებს. BAM-ი ჯერ კიდევ 1899 წელს დაფუძნდა და დღემდე ორი ათასზე მეტი გარიგება აქვს შესრულებული. თავად კომპანია 2,500 ადამიანს ასაქმებს, ხოლო მის შვილობილ კომპანიებში 250,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები