მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“Connect-ში ბენზინი 20-25 თეთრით გაძვირდა, დიზელი - 50 თეთრით” - როდიდან დაიწყებს საწვავი გაიაფებას?

connect

"ქონექთის" გასამართ სადგურების ქსელში ბენზინი საშუალოდ 20-25 თეთრით, ხოლო დიზელი 50 თეთრით გაძვირდა, რაც გლობალურ ბირჟებზე ნავთობპროდუქტების ფასის ზრდამ განაპირობა.

კომპანიის დირექტორის მოადგილე ჯემალ ონიანი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ძველი მარაგების ხარჯზე კომპანიები ფასების შენარჩუნებას მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ახერხებენ, მომავალი კი სრულად საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული. მათი მოლოდინით, მომავალ თვეში ფასებმა დასტაბილურება უნდა დაიწყოს.

“დიდი მარაგები ჩვენ ქვეყანაში მარტო ჩვენ კი არა, სხვებსაც არ აქვთ და თანამედროვე შესყიდვები ისე არის დაკავშირებული ბირჟებთან, რომ ჩვენი საწვავის თვითღირებულებაზე ფაქტობრივად მომენტალურად ისახება. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძველი მარაგები გვაქვს, რაღაც პერიოდი ფასების შენარჩუნებას ვახერხებთ, დაახლოებით 2-კვირიანი დაყოვნება აქვს ჩვენთან ფასების ასახვაზე. შემდეგ ორ კვირაში როგორ განვითარდება მოვლენები სრულად ბირჟაზეა დამოკიდებული.

ფასების ზრდა ბენზინზე შედარებით ნაკლებად აისახა, უკვე 20-25-თეთრიანი განსხვავება გვაქვს. თუმცა ფასების ცვლილებამ განსაკუთრებული ზეგავლენა დიზელის ტიპის საწვავზე იქონია და არსებულთან შედარებით ფასში უკვე 50-თეთრიანი განსხვავებაა.

ზოგადად, ბაზარზე არსებული პროგნოზებით, მომდევნო თვეში ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდის მოლოდინია, თუმცა იმდენად არის ბაზარი ინფორმაციაზე დამოკიდებული, ბირჟაზე არსებულ ფასებზე ერთი განცხადებაც ზეგავლენას ახდენს. შესაბამისად, თუ რაღაც პოზიტიური ძვრები იქნება ამ კუთხით, შერიგდებიან ან მორჩება ომი, ეს ბირჟაზე მომენტალურად აისახება. ჩვენი მოლოდინით, შემდეგ თვეში ფასები დასტაბილურდება, უფრო დაიწევს, ვიდრე ვთქვათ ამ თვეშია.

ფასების ზრდა, როგორც გითხარით, დაახლოებით ორკვირიან ვადაში აისახება და იგივე იქნება დაწევასთან დაკავშირებითაც. ბაზარზე დიდი კონკურენციაა და აქედან გამომდინარე ფასების დაწევაც ანალოგიურად მოხდება. ნავთობის ფასების შემცირების შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის ისეთ პოზიცია გვაქვს, რომ გვინდა ბაზარზე ყველაზე კარგი ფასი გვქონდეს და ამ მიდგომას გავაგრძელებთ. ნუ შესაბამისად, როგორც კი საშუალება გვექნება, რომ ფასი დავწიოთ, დავბრუნდებით იმ პოზიციაზე, რომ ისევ ყველაზე კარგი ფასი შევთავაზოთ ბაზარს, თუმცა ახლაც ასეა - მომხმარებელს სხვა ქსელურ ბენზინ გასამართებთან შედარებით ყოველთვის კონკურენტულ ფასს ვთავაზობთ”, - ამბობს კომპანია "ქონექთის" დირექტორის მოადგილე ჯემალ ონიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები