მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Copernicus: 2025 მესამე ყველაზე ცხელი წელი იყო როგორც მსოფლიოში, ისე ევროპაში

ამინდი

გლობალური დათბობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. 2025 წელი მესამე ყველაზე ცხელი წელი იყო როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის მასშტაბით. ბოლო სამი წელი - 2024, 2023 და 2025 (ამ თანმიმდევრობით) - ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა.

ამ პერიოდში საშუალო გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონეს (1850–1900 წწ.) 1.5°C-ზე მეტით აღემატებოდა. Copernicus-ის მონაცემებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამწლიანმა პერიოდმა 1.5°C-იან ზღვარს გადააჭარბა.

Copernicus-ის თანახმად, 2025 წელს გლობალური საშუალო ტემპერატურა 14.97°C იყო. ეს 0.59°C-ით აღემატება 1991–2020 წლების საშუალო მაჩვენებელს და 1.47°C-ით - 1850–1900 წლების მაჩვენებელს.

ყველაზე ცხელი წელი 2024 იყო (საშუალოდ 15.1°C), მას მოსდევს 2023 წელი (14.98°C). ეს ნიშნავს, რომ 2025 წელი რეკორდულად ყველაზე თბილ, 2024 წელს მხოლოდ 0.13°C-ით ჩამორჩება.

Copernicus-ის ანგარიშში ხაზგასმულია ორი მთავარი ფაქტორი, რის გამოც 2023-2025 წლები გამორჩეულად თბილი იყო:

  1. ატმოსფეროში სათბურის აირების დაგროვება, რაც გამოწვეულია ემისიების გაგრძელებითა და ბუნებრივი მშთანთქმელების (მაგალითად, ტყეების) მიერ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარის შემცირებით;

  2. ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის უჩვეულოდ მაღალი დონე, რაც დაკავშირებულია "ელ-ნინიოს" მოვლენასა და ოკეანის ცვალებადობის სხვა ფაქტორებთან, რომლებიც კლიმატის ცვლილებითაა გაძლიერებული.

2025 წელი რეკორდულად მესამე ყველაზე თბილი წელი იყო ევროპაშიც. საშუალო ტემპერატურამ 10.41°C შეადგინა, რაც 1991–2020 წლების საორიენტაციო პერიოდის მაჩვენებელს 1.17°C-ით აღემატება.

ევროპაში ყველაზე თბილი 2024 წელი იყო (საშუალოდ 10.69°C), მეორე ადგილზე კი 2020 წელია (10.43°C). შესაბამისად, სხვაობა 2020 და 2025 წლებს შორის ძალიან მცირეა.

Copernicus-ის ანგარიში აჩვენებს, რომ გლობალურად ბოლო 11 წელი ისტორიაში ყველაზე თბილ პერიოდად ჩაიწერა.

ანგარიში გვაფრთხილებს, რომ დათბობის არსებული ტემპით, პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული გრძელვადიანი გლობალური დათბობის 1.5°C-იანი ლიმიტი შესაძლოა ამ დეკადის ბოლომდე იქნეს მიღწეული. ეს შეთანხმების ხელმოწერისას ნავარაუდევ ვადაზე ათწლეულზე მეტით ადრე მოხდება.

მართალია, 2025 წელი ზოგადად მესამე ყველაზე თბილი წელი იყო, მაგრამ რამდენიმე რეგიონში წლიურმა საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ანტარქტიდის გარდა, ამ ჩამონათვალშია წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილები, ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, შორეული აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია.

2025 წლის გამორჩეულ კლიმატურ პირობებს თან ახლდა ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები: რეკორდული სიცხეები, ძლიერი შტორმები ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე ხანძრები ესპანეთში, კანადასა და სამხრეთ კალიფორნიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები