ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითმა ცენტრმა "საერთაშორისო ფონდმა კურაციომ" საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ტემპის და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. BMG სრულად წარმოგიდგენთ აღნიშნულ კვლევას.
რა სიჩქარით იზრდება ეპიდემია საქართველოში?
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დღიურად გამოვლენილი შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიკვეთა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით 85%-იანი სიზუსტით შეიძლებაითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერობით ექსპონენციალურად არ იზრდება.შემთხვევევბის ზრდა წრფივი – ნელი ტენდენციით ხასიათდება, რაც საქართველოს ბევრი ევროპული თუ მეზობელიქვეყნისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს. COVID-19-ის პირველი 100 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, დადასტურებულშემთხვევათა რაოდენობა დღეში 7.5%-ით იზრდება, მაშინ როდესაც ევროპულ ქვეყანებში 20-35%-იანი დღიური ზრდა, ანუ ექსპონენციური ზრდა აღინიშნებოდა. თუ საქართველოში შემთხვევათა ზრდა ასეთივე ტემპით გაგრძელდა, მაშინსავარაუდოდ მომდევნო 10 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 500-ის ფარგლებში იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ იმდაშვებით, რომ დღეისთვის სახელმწიფომ აბსოლუტურად ყველა დაინფიცირებული პირი გამოავლინა; რაც ალბათ მცდარი დაშვებაა იმის გათვალისწინებთ, რომ აგრესიული/გაფართოებული ტესტირება მხოლოდ ამ დღეებში იწყება. შესაბამისად,თუ ვივარაუდებთ, რომ დღეს დაინფიცირებულთა მხოლოდ 50-60% არის გამოვლენილი, მაშინ მომავალ ათ დღეში შეიძლება 850-1400 ახალ პაციენტს ველოდოთ, რომელთაგან ალბათ გარკვეულ ნაწილს დაავადება ლაბორატორიულადდაუდასტურდება, ნაწილი სიპოტომებით სახლში დარჩება, ნაწილი კი საერთოდ უსიმტომოდ გადაიტანს ვირუსულ ინფექციას. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ზუსტად ვერავინ იტყვის მომდევნო ათ დღეში რამდენი შემთხვევა იქნება, თუმცა სავრაუდო რაოდენობაზე მსჯელობა შესაძლებელია და აუცილებელიც. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო იქნება რომ პაციენტების ნაწილს, რომელთაც მსუბუქი ფორმით გამოუვლინდება დაავადება, ბინაზე მოვუაროთ ოჯახის ექიმების დახმარებით და ეს პრაქტიკა რაც მალე დაიწყება მით უკეთესი იქნება.
რა ეფექტი გამოიღო სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა?
ამ ნაწილში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რამოდენიმე ასპექტზე და შევეცდებით თოთოეულს ცალ-ცალკე შევეხოთ.
1) პირველი არის ის, რომ 10 მარტის შემდეგ საზღვრის კვეთის (საჰაერო და სახმელეთო) გამო კარანტინში სახელმწიფომ დაახლოებით 9,000-მდე ადამიანი გადაიყვანა, რომელთაგან თითქმის ნახევარმაკარანტინიუკვე დატოვა. სამწუხაროდ, დაავადებათაკონტროლისდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიცენტრის ზუსტი მონაცემები არ არსებობს თუ ამათგან რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა COVID19. თუმცა, საზოგადოებამ მედია სივრციდან იცისიტალიიდან, ესპანეთიდან, ამერიკიდან და ა.შ. შემოტანილი შემთხვევების შესახებ, რაც ალბათ იმაზე მიუთითებს,რომ კარანტინმა სასურველი შედეგი გამოიღო და ჩვენი საზოგადოება იმპორტირებული შემთხვევებისგან მეტ-ნაკლებად დაიცვა. სამომავლოდ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, ალბათ აუცილებელი იქნება რომ კარანტინში გამოვლენილი შემთხევევბის რაოდენობა ზუსტად იყოს ასახული ყოველდღიურ ეროვნულ სტატისტიკაში. ეს საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ კარანტინის სამომავლო აუცილებლობაზე, ამ ინტერვენციის შედეგად მიღებულ შედეგზე და მის ხანგრძლივობაზე. დრო დადგება და ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს როდემდე იყოს საზღვრები ჩაკეტილი, რომელსაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი სდევს თან.
2) მეორე, და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გამოვლენილი პაციენტების კონტაქტების იდენტიფიცირება და მათი იზოლაცია, რაცდაახლოებით 1,300-1,400 ადამიანს შეეხო და რომელთა კარანტინში გადაყვანა მოხერხდა. აქ უნდა აღვნიშნოთ ეპიდემიოლოგების, პოლიციელების და სხვა სტრუქტურების დამსახურებამათიდიდი შრომის და ენერგიის ფასად. კონტაქტების დროულმა იზოლაციამ კიდევ უფრო მეტად შეუშალა ხელიინფექციის გავრცელებას.თუმცა ეს მხოლოდ საფუძვლიანი ვარაუდია, მედიის მიერ კლასტერებზე გაჟღერებული რეპორტაჟების საფუძველზე, რადგან არც ეს ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია არ ქვეყნდება დაავადებათაკონტროლისდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიცენტრის მიერ. ანუ ზუსტად არ ვიცით დადგენილი კონტაქტების რა ნაწილში მოხდა ინფექციის გადადება და შემდგომ შემთხვევის დადასტურება. არადა ეს ინფორმაცია უმნიშვნელოვანესიაშემდგომი ნაბიჯებისდასაგეგმად და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისმისაღებად. ვთვლით,რომ ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში განთავსება ყველას დაგვეხმარება ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ეპიდემიის გავრცელების ანალიზში,რაცშემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობისთვის აუცილებელი იქნება. თუ ინფიცირებულთა 50-70%-ის გამოსავლენად კონტაქტების დროული გამოვლენა და მათი დროული იზოლაციაერთ-ერთი ყველაზე მეტად ეფექტური მეთოდია,იქნებ ჯობს რომ სწორედ აქეთ მივმართოთ ჩვენი ენერგიის მაქსიმუმი და ამ გზით ეშევაჩეროთ ეპიდემიის გავრცელება, როგორც ამას სამხრეთ კორეა დღემდე ახერხებს.
3) მესამე საკითხი ეხება “სოციალური” (ფიზიკური) დისტანცირების იმ მეთოდების ერთობლიობას, რომელსაც მთავრობა მარტის დასაწყისიდან ეტაპობრივად ამკაცრებს. Google-ის მიერ 9 აპრილს გამოქვეყნებული მობილურობის ანგარიშის მიხედვით (რომელიც წარმოაჩენს მდგომარეობას 5 აპრილის მდგომარეობით) აშკარაა, რომ ამ მეთოდებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, თუმცა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური ფასის გადახდის ხარჯზე. ასევე, მიუხედავად იმისა რომ საგანგებო მდგომარეობა 31 მარტს გამკაცრდა, Google-ის 29 მარტის და 5 აპრილის ანგარიშებს შორის დიდი სხვაობა არ აღინიშნება – რამაც გამკაცრებული ღონისძიებების ეფექტურობაზე უნდა დაგვაფიქროს. ასევე სხვა ქვეყნებთან შედარებით ვერ ვიტყვით, რომ საქართველომ “საუკეთესო” შედეგს მიაღწია და ვერც ვერავინ იტყვის რას ნიშნავს “საუკეთესო” შედეგი, რომელიც ერთის მხრივ ფარდობითი მცნებაა და მეორეს მხრივ მეტად არის დამოკიდებული კონკრეტული ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სპეციფიკაზე. ჯერ-ჯერობით ფაქტი მხოლდ ერთია – საქართველოში გამოვლენილი შემთხვევები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნელი ტემპით იზრდება – დაახლოებით 7.5%-ით დღეში, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ უკეთ მოამზადოს ჯანდაცვის სისტემა, მოახდინოს საავადმყოფოების და მედ-პერსონალის მობილიზაცია, მოიმარაგოს ტესტები, პირბადეები, პირადი დაცვის საშუალებები ფრონტის წინა ხაზზე მყოფი პროფესიონალებისთვის, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, შეიმუშაოს პაციენტთა მართვის კლინიკური პროტოკოლები და გადაამზადოს კადრები. ეს ყოველივე აუცილებელია,საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად და არა მხოლოდ იმ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, ვისაც COVID-19 დაუდგინდება და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ, არამედ მათთვისაც, ვისაც COVID-19-ის გარეშეც სჭირდებათ ექიმების დახმარება და გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. მოკლედ, ამ დროის მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათქმაუნდა თუ მოგებულ დღეებს და კვირებს ეფექტურად გამოვიყენებთ და როგორც ქვეყანა უკეთ მოვემზადებით.
4) მეოთხე, ეხება იმ ეკონომიკურ ზარალს, რომელსაც ამ ეპიდემიის გამო ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურად იღებს. ეს მარტო საქართველოს გულისტკივილი არ არის და განსაკუთრებით ბოლო კვირის მანძილზე ხშირად ისმის უცხოურ მედიაში საუბარი თუ რა ჯობია – სიღარიბე და შიმშილი გამოწვეული საგანგებო მდგომარეობით, თუ სამომავლო და ხანგრძლივვადიანი ეკონომიკური სიდუხჭირით. რადგან ეს ეკონომისტების თემაა, ჩვენ ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებთ და ასპარეზს ამ სფეროს პროფესიონალებს დავუთმობთ. თუმცა ამ პრობლემების ეკონომიკური მოგვარება მნიშვნელოვნად ეპიდემიის სამომავლო გავრცელების (საშუალო და გრძელვადიან) პროგნოზსაც ეფუძნება და ჩვენ სწორედ ამაზე შევჩერდებით. საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, დგას მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე რამდენი ხანი გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და როდის დაიწყოს “სოციალური” (ფიზიკური) დისტანცირების ღონისძიებების ეტაპობრივი შერბილება ისე,რომ ეკონომიკური ცხოვრება გააქტიურდეს და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუარესდეს? ამ გადაწყვეტილებების მისაღებად რამდენიმე კითხვაზე პასუხი მიგვაჩნია მნიშვნელოვნად (ეპიდემიოლოგიური კუთხით). კერძოდ:
რომელი ინტერვენციები გვაძლევს ეპიდემიის კონტროლის ყველაზე მეტად ეფექტურ შედეგს? საზღვრის კვეთისას კარანტინის ღონისძიებები, რომ იმპორტირებული შემთხვევებისგან დავიცვათ თავი? კონტაქტების დროული იზოლაცია და კარანტინში განთავსება, რათა გავწყვიტოთ ინფექციის გადაცემის ჯაჭვი? თუ “სოციალური” (ფიზიკური) დისტანცირების აგრესიული მეთოდები? სამწუხაროდ, იმ აუცილებელი ინფორმაციის გარეშე, რომელსაცზემოთშევეხეთ, ნებისმიერ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მარჩიელობა იქნება. რამდენადაც მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის გასაჯაროება, მარტო ამ ინფორმაციის არსებობა არ იქნება საკმარისი წინაპირობა, იმისთვის, რომ ამ კითხვებს ადეკვატური პასუხი გავცეთ. ამიტომ, ჩვენი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი:
-
როგორია COVID19-ის ბიოლოგიური მახასიათებლები? მაგალითად,გარემოს ტემპერატურასთან დამოკიდებულებაში ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა? დაავადების შემთხვევაში როგორია ჩვენი იმუნური სისტემის პასუხი და მდგრადობა? საზოგადოების რაწილი მოდის იმ ადამიანებზე, რომლებმაც შესაძლოადაავადება უკვე უსიმპტომოდ გადაიტანა? ა.შ. სვარაუდოდ ამ კითხვებს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება პასუხს 4-8 კვირაში გასცემს და ვფიქრობთ ამ დროისთვის ჩვენც უფრო მეტი გვეცოდინება.თუ ჩვენი ესმოლოდინივადებთან მიმართებაში ზომაზე მეტად ოპტიმისტური არ არის?
-
რა პერსპექტივებია სამკრუნალო პრეპრატების თუ ვაქცინის შექმნისკუთხით? აქ სასაუბრო ბევრია, რადგან უკვე მარტის პირველი კვირიდან მოყოლებული მრავალ გლობალურ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, შეიქმნა აქსელერატორები, რომლებიც სამკურნალო და პროფილაქტიკურ მედიკამენტებზე და ვაქცინებზე მუშაობენ. აპრილის პირველი კვირიდან უკვე ორი პრეპრატის კლინიკური კვლევა დაიწყოგლობალური ფონდების/დამფინანსებლების ხელშეწყობით და ასევე დაწყებულია შესაძლო ვაქცინისკლინიკური გამოცდაც. ამ მიმართულებით ჯერჯერობით მხოლოდ დაცდა გვმართებს (ა) სანამ ადეკვატურ მედიკამენტს ან ვაქცინას მიაგნებს მსოფლიო; (ბ) სანამ ამ პრეპრატების წარმოება დაიწყება იმ მოცულობით, რომ ჩვენამდეც მოაღწიოს; და ა.შ. ამიტომ ამ ეტაპზე კონკრეტული ვადები უცნობია, მაგრამ იმედია ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიო მიაგნებს რამეს, თუმცა სავარაუდოდ ამას სულ მცირე 6-დან 18 თვემდე დასჭირდება.
დასასრულს, ვფიქრობთ, რომ საქართველოში ეპიდემიის განვითარების დღევანდელი ტემპი გვაძლევს დროის მოგების საშუალებას, რომელიც ერთის მხრივ ძალიან ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და მეორეს მხრივ, მსოფლიო მეცნიერების მიღწევებს დაველოდოთ, რომ ხვალ უფრო მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღოთ, ვიდრე დღეს. თუმცა ეს “ხვალ” ვერ იქნება თვეები და ალბათ სამომავლო ნაბიჯებზე კვალიფიციური და კონსტრუქციული მსჯელობა დღესვე უნდა დაიწყოს და არა მხოლოდ სატელევიზიო ეთერიდან. ეს მსჯელობა ალბათ სხვაგვარ ფორმატს მოითხოვს, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე სამთავრობო წრეებში. გამოწვევა იმდენად დიდია რომ ცალკეული ორგანიზაციები, ექსპერტები თუ მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურები დამოუკიდებლად ვერ მოერევიან. ამიტომ ალბათ, რაც უფრო დროულად შევქმნით კვალფიციური მსჯელობის სივრცეებს და ერთობლივად ჩამოვაყალიბებთ შესაძლო გამოსავლებს, მით უფრო მეტი მზაობით შევხვდებით მომავალს როგორც ქვეყანა.