როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.
"საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების მსუბუქი მიმდინარეობისთვის და ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან მოქმედი რეგულაციები და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოვიდ-ინფიცირებულია. ის იზოლაციაში იმყოფება.
17 იანვრიდან კოვიდ-იზოლაციის ვადები შეიცვალა და ასე გამოიყურება:
ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის კარანტინის ვადა იქნება 8 დღე. ამასთან, სიმპტომების აღმოჩენიდან უნდა იყოს გასული 24 საათი და იზოლაციის გასვლიდან მინიმუმ 5 დღე რეკომენდებულია ნიღბის ტარება მკაცრად.
საშუალო და მძიმე შემთხვევების დროს კარანტინის ვადა არის მინიმუმ 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება ბოლო 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია ნიღბის ტარება.
რაც შეეხება კონტაქტებს, თუ ეს არის ვაქცინირებული კონტაქტი, ვაქცინაციის დოზის მიღებიდან 90 დღის ვადაში კარანტინის ვადა ეხსნებათ, ანუ მათთვის კარანტინი საჭირო არ არის. რაც შეეხებათ კოვიდ-გადატანილებს, 60 დღის მანძილზე, ნიღბის მოხმარების მკაცრი მოხმარების პირობებში, კონტაქტიდან 10 დღე შეუძლიათ აღარ იყვნენ კარანტინში. რაც შეეხებათ არავაქცინირებულებს, მათ აქვთ რეკომენდაცია 8 დღე დარჩნენ კარანტინში, და შემდეგ დღეებში გამოიყენონ პირბადე.




























