მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Credit Suisse საფრანგეთის სასამართლო დავაში $234-მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

6357c7c1a577f
გიორგი თოლორდავა
25.10.22 15:42
993
უძველესი შვეიცარიული ბანკი მორიგი გამოწვევის წინაშეა, ამჯერად Credit Suisse-ს საფრანგეთში მიმდინარე სასამართლო დავაში 234 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება 2005-2012 წლებში გადასახადების გვერდის ავლისა და ფულის გათეთრების სქემას, რომელშიც შვეიცარიული ბანკი აქტიურად იყო ჩართული და რომელმაც საფრანგეთის ბიუჯეტს 100 მილიონი ევროს ფისკალური ზარალი მიაყენა.

Credit Suisse-ის განცხადებით, ჯარიმის გადახდით მხარეებს შორის საქმე მოგვარებულად ჩაითვლება, შესაბამისად, მრავალწლიანი სასამართლო დავა ოფიციალურად დასრულდება, ბანკს კი კრიმინალური პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Credit Suisse-მა $495-მილიონიანი ჯარიმის სანაცვლოდ 2008 წლის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებული სასამართლო დავის დასრულების გადაწყვეტილებაც მიიღო, რომელიც თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აღნიშნული საქმე აშშ-ში იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით საკითხს უკავშირდებოდა, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილი საინვესტიციო ბანკი და ჰეჯ-ფონდი იყო ჩართული, მათ შორის, Credit Suisse-იც.

ნიუ-ჯერსის შტატის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, 2005-2009 წლებში შვეიცარიული ბანკი 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების ტრეიდინგში იყო ჩართული, 2008 წლის კრიზისის პერიოდში დაფიქსირებული ზარალის მოცულობამ კი 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2008 წლის კრიზისის შემდეგ, Credit Suisse-ი არაერთ სასამართლო დავაში აღმოჩნდა, მათ შორის ბანკისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანის მომტანი გასულ წელს დასრულდა სადაზღვევო კომპანია MBIA-სთან - ჯარიმის მოცულობამ 600 მილიონი დოლარი შეადგინა.

მრავალმილიონიანი ჯარიმების სანაცვლოდ სასამართლო დავების დასრულება Credit Suisse-ის მენეჯმენტის ახალი სტრატეგიაა, რომელიც ბანკთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების უმოკლეს ვადებში მოგვარებას და შებღალული რეპუტაციის აღდგენას ითვალისწინებს.

მიუხედავად დასრულებული დავებისა, Credit Suisse-ის მომავალი ისევ ბურუსითაა მოცული, აშშ-ში ბანკის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო, ბიძინა ივანიშვილთან დავა კი ჯერაც არ დასრულებულა. გარდა ამისა, მარეგულირებლის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, იზრდება იმის შანსი, რომ Credit Suisse-მა აშშ-ის ბაზარი დატოვოს, ბანკის ძირითადი საქმიანობის პროფილი კი შეცვალოს.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, Credit Suisse-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ერთწლიან ჭრილში 53%-ითაა შემცირებული, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 12.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა 2007 წელს მისი საბაზრო ღირებულება 88 მილიარდი დოლარის ფარგლებში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები