"თბილისის და ბათუმის ახალ კამპუსებში სტუდენტებს სექტემბრიდან მივიღებთ", - ამის შესახებ BM.GE-სთან "კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ისაუბრა.
შენგელია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ორივე კამპუსში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და სექტემბრისთვის დასრულებული იქნება. ის დასძენს, რომ ორივე კამპუსის მთავარი მიზანი გაფართოებას ემსახურებოდა, რათა მზარდ მოთხოვნას უპასუხონ. გაფართოებასთან ერთად, ბათუმში, ახალ კამპუსს საზღვაო მიმართულებაც დაემატება.
"კამპუსები თბილისსა და ბათუმში უკვე დასრულებულია და ორივე შემთხვევაში სტუდენტებს სექტემბერში მივიღებთ. უბრალოდ გავფართოვდით. ერთადერთი, ბათუმის კამპუსს საზღვაო პროგრამაც დაემატება”, - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ახალი კამპუსი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზით იქნება აღჭურვილი. ის 3 000 – 4 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი, სკოლა 1 000 მოსწავლის მიღებას შეძლებს, ხოლო საერთო საცხოვრებელში 500 სტუდენტის განთავსება იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება თბილისში კავკასიის უნივერსიტეტის გაფართოებას, საგანმანათლებლო დაწესებულებამ დედაქალაქის მერიის დახმარებით მიწა შეიძინა და ახალი კამპუსი, სწორედ მათი დახმარებითვე აშენდა.
ცნობისთვის, კავკასიის უნივერსიტეტი პროექტების განვითარებაში, ჯამში 500 მლნ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.