„კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტის შეფასებით, უცხოელი სტუდენტების მიერ უნივერსიტეტებში ჩაბარებისას საერთაშორისო ენობრივი სერტიფიკატის წარდგენა ან უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება, თავდაპირველად უცხოელი სტუდენტების რაოდენობას შეამცირებს. ამის შესახებ კახა შენგელიამ BM.GE-ს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში ყოფნის, სწავლების, ბინადრობისა და მიგრაციის პროცესების რეგულირების ახალი წესების შეფასებისას განაცხადა, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასაც მოიცავს.
9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ რექტორთა საბჭოს წევრებს გააცნო. შს სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, უცხოელი სტუდენტების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი მკაცრდება, კერძოდ, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის მსურველ უცხოელებს საერთაშორისო ენობრივი სერტიფიკატის წარდგენა მოუწევთ ან ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული უცხო ენის ან სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება. კანონპროექტი სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტების დადგენასაც მოიცავს.
რექტორთა საბჭოს ამ შეხვედრას „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტიც ესწრებოდა. BM.GE დაინტერესდა - რა გავლენას მოახდენდა კანონში ინიციირებული ცვლილებები უნივერსიტეტებზე და თუ ჰქონდათ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს უცხოელების კვოტირების შესახებ ინფორმაცია.
კახა შენგელია აცხადებს, რომ რექტორთა საბჭოს შეხვედრაზე, რომელსაც განათლების მინისტრთან ერთად შს მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა, უცხოელ სტუდენტთა კვოტირების საკითხზე არაფერი თქმულა. მან აღნიშნა, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ დღეისთვის 1500-1700 უცხოელი სწავლობს, რაც საერთო რაოდენობის 10%-ია.
„ეს ცვლილებები ჩვენზე განსაკუთრებულ გავლენას არ იქონიებს. უბრალოდ, უცხოელებისთვის ბინადრობის მოწმობაზე, უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება, ვინც არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც აქვს სახელმწიფოს. უცხოელ სტუდენტთა კვოტებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
ცვლილებების მიხედვით, უცხო ენის მოთხოვნის ვალდებულება ჩნდება. ამასთან, უცხოელ სტუდენტებს სტატუსის შეჩერება-შეწყვეტისთვის 45-დღიანი ვადა ექნებათ, რომ თუ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტი არ ისწავლის, მაშინ უკვე შეუწყდება სტატუსი და წავა ქვეყნიდან“, - განაცხადა კახა შენგელიამ.
კითხვაზე - რა ნაწილში შეიძლება ცვლილებებმა გავლენა იქონიოს კერძო უნივერსიტეტებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობებზე, „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი პასუხობს: „ერთადერთი უცხო ენის გამოცდა, ალბათ, რაღაც ნაწილში უცხოელი სტუდენტების რაოდენობას თავიდან შეამცირებს, მაგრამ მერე ვფიქრობ, რომ ამასაც ჩააბარებენ. რაღაც გავლენა ექნება, თუმცა დიდი - ალბათ, არა“.




























