მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები საშუალებას იძლევა ბევრი მოქალაქე მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმდეს - კასრაძე

5f7edf3e9d108
ინგა მურუსიძე
08.10.20 14:00
1352
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქართველოს მთავრობის ახალ დადგენილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც IT კომპანიებს, რომლებიც საქართველოში მოიპოვებენ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს, საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. 

კასრაძე ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება IT ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„მინდა მივულოცო სრულიად IT ინდუსტრიას ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. დღეს დამტკიცდა წესი, რომლის მიხედვითაც IT კომპანიებს ნებადართული საქმიანობის განხორციელების ნაწილში შეეძლებათ მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რომლის შემდეგაც საშემოსავლო და მოგების გადასახადი იქნება 5%.

ასევე, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯის პროპორციულად.

დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა ხელს შეუწყობს ორ რამეს: ქართული IT კომპანიების გამსხვილებას და ქვეყანაში ახალი და მსხვილი საერთაშორისო დაკვეთების შემოტანას, ასევე ხელს შეწყობს მსხვილი IT კომპანიების შემოსვლას ქვეყანაში. ორივე შემთხვევაში ქართულ ეკონომიკაში ეს არის სერიოზული შენატანი და იძლევა ჩვენი ბევრი მოქალაქის მაღალანაზღაურებად დასაქმებას“, - ამბობს ავთანდილ კასრაძე.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს მთავრობამ განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო დადგენილებაზე, რომელიც კომპანიებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ირწმუნება, რომ სტატუსის მიღება რთული არ იქნება. მისი განმარტებით, კომპანია უნდა დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურში და მთავრობა მის წინადადებას უახლოეს მომავალში განიხილავს.
„როგორც იცით, ჯერ კიდევ ივლისში, კანონით დადგინდა საერთაშორისო საწარმოს ცნება და დღეს ვადგენთ დამატებითად რა საქმიანობებს მოიცავს ეს, ასევე რა შეზღუდვები და შეღავათები აქვს - ეს არის IT სფერო და საზღვაო სერვისები.

IT სფეროს რაც შეეხება, დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემით, ნებისმიერი ციფრული პროდუქტის დამზადება და მთელი რიგი ჩამონათვალია. რაც შეეხება საზღვაო სერვისებს, აქაც დიდი სიაა, მათ შორის გემის გაქირავება ეკიპაჟიანად, ან უეკიპაჟოდ, რეისის დაგეგმვა და ანალიზი, გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა, საკვების პროდუქტებით ან ტექნიკური დეტალებით მომარაგება და ა.შ. ეს არის საქმიანობები, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამ დადგენილებით დასაშვებად ცნობს“,- განმარტავს ფინანსთა მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები