მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლის თუ არა კომუნიკაციების კომისია კანონს "კავკასუს ონლაინის" გამო?

5f049901bcf81
სალომე მეცხვარიშვილი
07.07.20 20:40
1424
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს კანონში, რომელიც კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს დანიშნოს სპეციალური მმართველი კომპანიაში, რომელიც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას აღასრულებს, იმ შემთხვევაში, თუ ეს სხვა საშუალებებით ვეღარ ხერხდება.

რა ბერკეტი აქვს კომუნიკაციების კომისიას დღეს? ერთი მხრივ, მას შეუძლია კომპანიას დააკისროს ჯარიმა, გაფრთხილება და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, იმსჯელოს კომპანიისთვის ავტორიზაციის ან ლიცენზიის გაუქმებაზე. თუმცა, კომისია აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე კონკურენტულ გარემოს.

კომისია აღნიშნავს, რომ ასეთ დროს მათ მათივე გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი აღარ რჩებათ, ამიტომ გამოსავალი შეიძლება კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა იყოს, რომელიც მაქსიმუმ 2 წლის ვადით დაინიშნება.

რას ემსახურება კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი? დიდი ალბათობით მისი ერთ-ერთი მიზანი “კავკასუს ონლაინის” "ქეისის" ჩიხიდან გამოყვანაა. ცნობილია, რომ “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი გასხვისდა, ეს ნაბიჯი კომისიასთან არ შეთანხმდა, კომისია კი თვეებია ითხოვს აქციების პირვანდელ რეჟიმში დაბრუნებას, მათ შორის იყენებს ფინანსურ სანქციებს, მაგრამ კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება.

“მცირე და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” ხელმძღვანელი უჩა სეთური ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით ცვლილებები კომისიას გამოსავლად ეჩვენება.

“ამ შემთხვევის საოპერაციო ნაწილი რომ მოგვარდეს, შეიძლება ეს გამოსავალი იყოს. მაგრამ არის ძალიან ბევრი კითხვა: როგორ მოხდება სიტუაციის რეგულირება, რისი მეშვეობით, რამდენად არის ეს დაკავშირებული ოფშორებში დადებულ ხელშეკრულებეთან და წილებთან? როგორი იქნება სპეციალური მმართველის ჩარევის მოცულობა, როგორი იქნება გამჭვირვალობის ხარისხი და ა.შ.

ზოგადად კანონპროექტის მიზანი გასაგებია - არის ჩიხური სიტუაცია და დღეს არსებული რეგულაცია ამაზე პაუსხს ვერ გვაძლევს”,- ამბობს უჩა სეთური.

საყურადღებოა კანონპროექტის განმარტებით ბარათში კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც კომისიას უფკლებას აძლევს კომპანიის წილები აუქციონის შედეგად გაასხვისოს. 

"როდესაც საქმე ეხება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის/აქციის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას, თეორიულად შესაძლებელია, რომ ვერც სპეციალური მმართველის დანიშვნამ და მის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ვერ უზრუნველყოს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება. ასეთი შემთხვევისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ კომისიამ აუქციონის გზით მოახდინოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების გასხვისება, თუ კომისიის გადაწყვეტილების აღუსრულებლობით ან ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის ავტორიზაციის შეჩერებით/ლიცენზიის გაუქმებით შეიძლება ზიანი მიადგეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს",- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები