საქსტატმა დღეს 2021 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 11.3%-ით გაიზარდა, უშუალოდ სექტემბერში კი ზრდა 6.9% იყო.
წელს არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მეტიც მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი “საბაზო ეფექტია”. საქმე იმაშია, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს დარდება, აღნიშნულ პერიოდში კი საქართველოში პანდემიით და "ლოქდაუნებით" გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი იყო. კერძოდ, 2020 წლის 9 თვეში საქართველოში ზრდის ნაცვლად 5%-იანი რეცესია იყო.
შესაბამისად, თუკი 2021 წლის რეალურ ეკონომიკურ ზრდას პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს შევადარებთ, დავინახავთ, რომ რეალური ზრდა 2019 წელთან მიმართებით 6.3%-ია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ზრდის პროგნოზს, მთავრობა წელს 9.5%-იან ზრდას ელის, რის შედეგადაც, მშპ-ის ზომამ 58.4 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს. 2022 წლისთვის კი ზრდის პროგნოზი 6%-ია.




























